Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე: „ტანგოს ორი სჭირდება“


გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე
გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო. ამის შესახებ სააგენტო РБК-სთან საუბარში განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

ჩვენ, ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, მოსაზრებებს ვცვლით, მაგრამ არსებობს ასეთ გამოთქმა: ტანგოს ორი სჭირდება და თუ დუეტის ერთ მონაწილეს ეჭვი ეპარება, ძალდატანება არაა საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა კარასინმა.

კარასინი 2012 წლიდან თბილისთან არაფორმალური დიალოგის მექანიზმში მოსკოვს წარმოადგენს, ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. პარტია „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთის მიერ 2019 წელს ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვეტილი ავიამიმოსვლის განახლების წინააღმდეგ გამოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG