Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრეგაძე სააკაშვილზე: ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა კატეგორიულად მიუღებელია


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, რეანიმაციაში გადაყვანის მოთხოვნას ბრიფინგზე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე. მან ეს საკითხი კამპანიად შეაფასა და სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანებაზე ილაპარაკა.

„პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის, როგორც ყველას კარგად მოეხსენება, არახალია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი კერძო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან.

ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება.

ზემოაღნიშნული კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი", - თქვა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თანახმად, სააკაშვილი უარს აცხადებს პარენტერალურ კვებაზე.

„მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები.

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.

პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, მოგეხსენებათ, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო, ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის კატეგორიულად არის მიუღებელი", - განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც, მისი აზრით, „პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით, თვითდაზიანების წახალისებისა და მხარდაჭერით, აქტიურად არის დაკავებული".

რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის, მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

დღეს, 1 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. მისი სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე მან რამდენიმეწინადადებიანი მიმართვა წაიკითხა.

თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად, ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა მაისური აიწია.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

როგორც კომპიუტერის ეკრანზე ჩანდა, მოსამართლემ ვიდეოგამოსახულების ფანჯარა ჩახურა, სააკაშვილის კი მიმართა, რომ ჩაეცვა. რამდენიმე წამში მოსამართლემ ვიდეოგამოსახულების ფანჯარა კვლავ გახსნა, თუმცა იმ მომენტისთვის მხოლოდ ჩაბნელებული ეკრანი ჩანდა. სხდომა სააკაშვილის ადვოკატის თანხმობით, მოწმის გამოკითხვით გაგრძელდა.

31 იანვარს ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკამ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზა და ელოდება, როდის გადაიყვანენ.

იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობენ სიაზე, რომელსაც შემდეგ "მაგნიტსკის აქტის" ავტორს, ბილ ბრაუდერს, გადაუგზავნიან. ამ სიაში შევლენ ისინი, ვინც პატიმრობის დროს აფერხებდა ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის სავარაუდო მოწამვლასა და წამებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG