Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვამ ლავროვის განცხადებას უწოდა რუსული დიპლომატიის უკვე ცნობილი რიტორიკის ნაწილი


მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოლდოვა კატეგორიულად უარყოფს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ დასავლეთს სურს მოლდოვა გადააქციოს „შემდეგ უკრაინად“. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ვოდემ ლავროვის განცხადება შეაფასა რუსული დიპლომატიის უკვე ცნობილი, მუქარის შემცველი რიტორიკის ნაწილად.

კიშინიოვი მოსკოვს შეახსენებს, რომ მოლდოვა მიდის ევროკავშირში გაწევრების გზით, რომელსაც მხარს უჭერენ ქვეყნის მოქალაქეები და მათ, პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, სურთ მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია.

დანიელ ვოდეს განცხადებით, მოლდოვამ აირჩია საკუთარი მომავალი - იყოს თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი და ყველა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა, პატივი უნდა სცეს მოლდაველი ხალხის გადაწყვეტილებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ტელეკომპანია „როსია 24-ის" და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთს „შემდეგ უკრაინად“ მოლდოვა ჰყავს „შეთვალიერებული“. ლავროვის თქმით, დასავლეთმა „არცთუ დემოკრატიული“ მეთოდებით მოლდოვას სათავეში ჩაუყენა პრეზიდენტი, რომელიც მიიწევს ნატოსკენ და „საერთოდ, პრაქტიკულად, ყველაფრისთვის მზად არის“.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის საბაბად გამოიყენა კიევის განზრახვა, გახდეს ნატოს წევრი.

მოლდოვამ უკრაინასთან ერთად, 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG