Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ვიზიტის წინ ვოლგოგრადში სამართალდამცველები აქტივისტებს ემუქრებიან და ახშობენ ინტერნეტს


პუტინი ვოლგოგრადში, 2019 წლის 2 თებერვალი
პუტინი ვოლგოგრადში, 2019 წლის 2 თებერვალი

2 თებერვალს ვლადიმირ პუტინს ვოლგოგრადში ელოდებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში.

ვოლგოგრადში პუტინის ჩასვლამდე ხელისუფლებამ უსაფრთხოების მთელი რიგი ზომები მიიღო, რასაც მოსახლეობა "უპრეცედენტოს" უწოდებს. კერძოდ, პოლიციამ მიაკითხა ქალაქის აქტივისტებს და გააფრთხილა, რომ „არ დაუშვან წარსულის შეცდომები.“

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, შტაბის ყოფილმა კოორდინატორმა ევგენი კოჩეგინმა „კავკაზ.რეალიის“ უთხრა, რომ უსაფრთხოების ძალები მივიდნენ მათთან, ვინც პროექტ "დოზორის“ წევრია და ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

"მაგალითად, ისინი 16-17 წლის მოზარდებთან იყვნენ და გააფრთხილეს მათი მშობლები, რომ არსად გაუშვან და მკაცრად აკონტროლონ ისინი. ერთი გოგონას დედა კი იძულებული გახდა ხელი მოეწერა წერილზე, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი იღებს ვალდებულებას, ქალიშვილი "შინაპატიმრობაში" 3 თებერვლამდე ამყოფოს. მოუწოდებდნენ ასევე ჩაებარებინა ტელეფონი, რათა პუტინის ვიზიტის დასრულებამდე გარესამყაროსთან არ ჰქონოდა კომუნიკაცია", - აღნიშნავს კოჩეგინი.

სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში გახსნეს საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ბიუსტი.

რამდენიმე დღით ადრე ქალაქის ყველა ძირითად შესასვლელში საგზაო ნიშნები წარწერით: „ვოლგოგრადი“ დროებით შეცვალეს „სტალინგრადით“.

ტელეგრამის არხ Sota -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „2 თებერვალს ადგილობრივი მოსახლეობა დილიდან უჩივის მობილური ოპერატორების შეფერხებულ მუშაობას და აცხადებს, რომ ინტერნეტს ახშობენ. პრობლემებია ფიჭური კავშირგაბმულობის მხრივაც“.

ვოლგოგრადში დაკეტილია ასევე მეორე მსოფლიო ომის ცნობილი მემორიალი „მამაის ყორღანი“, სადაც ვლადიმირ პუტინისა და ადგილობრივი გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის, შეხვედრა იგეგმება. ასევე 2 თებერვალს 18:00 საათამდე იქნება დახურული მუზეუმი-პანორამა "სტალინგრადის ბრძოლა".

XS
SM
MD
LG