Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის გუნდმა ევროპაში აღმოაჩინა იმ რუსი პოლიტიკოსების ვილები, რომლებიც ნატოს აკრიტიკებენ და პუტინს აქებენ


ოლეგ მოროზოვია ერთ-ერთია იმ რუს დეპუტატთაგან, რომლებიც ნატოს აკრიტიკებენ და პუტინს ეთაყვანებიან
ოლეგ მოროზოვია ერთ-ერთია იმ რუს დეპუტატთაგან, რომლებიც ნატოს აკრიტიკებენ და პუტინს ეთაყვანებიან

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება იმის თაობაზე, თუ ევროპის რომელ ქვეყნებში დადიან მივლინებებში და სად ფლობენ უძრავ ქონებას რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია როსიას" დეპუტატები, რომლებიც საჯარო გამოსვლებში აკრიტიკებენ ნატოს და აქებენ პრეზიდენტ პუტინს.

მათ შორის არის ოლეგ მოროზოვი, რომელმაც ახლახან რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა, „არასასურველი პირის“ სტატუსი მიანიჭოს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან. გარდა ამისა, თავის საჯარო გამოსვლებში იგი რუსეთის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს ნატოს, ხოლო მონტენეგროს ეკონომიკას განადგურებას უწინასწარმეტყველებს.

გამომძიებლების თქმით, სწორედ მონტენეგროშია მოროზოვის დის, ოლგა ნასიბულინასთვის განკუთვნილი ვილა. 300 ათასი ევროს ღირებულების 320 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი მისმა დამ 2015 წელს იყიდა. თუმცა, როგორც გამოძიებაშია აღნიშნული, მას ამხელა თანხა არ მოეპოვებოდა.

გამოძიებაში ასევე ნახსენებია სახელმწიფო სათათბიროს კიდევ ერთი დეპუტატი „ედინაია რუსეთიდან“ ოლეგ მატვეიჩევი. იგი ნატოს უწოდებს "სიმსივნურ წარმონაქმნს“ პლანეტის სხეულზე, ხოლო რუსებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, „იუდებს“.

ამავე დროს, როგორც ნავალნის გუნდმა გაარკვია, მატვეიჩევმა თავისი ქალიშვილი ლიდია ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაათხოვა. ახლა ის ჟენევაში ცხოვრობს და მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც ეთიკის საკითხებს სწავლობს.

თავად დეპუტატი მატვეიჩევი ბოლო დრომდე მოგზაურობდა ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, სტუმრობდა შვეიცარიას, იტალიასა და პოლონეთს.

მმართველი "ედინაია როსიას" ექსპერტთა საბჭოს კოორდინატორი, პოლიტოლოგი კონსტანტინ კოსტინი სახელმწიფოსგან გრანტებს იღებდა, იგონებდა კომპრომატებს, დაკავებული იყო „ბოტებით“, მმართველ პარტიას არჩევნების დრო ეხმარებოდა და აქებდა ვლადიმირ პუტინს.

"ეს ის კოსტინია, რომელმაც მოიფიქრა ყალბი დონორების სქემა. ესაა სქემა, როდესაც რომელიმე პირი ალექსეი ნავალნის შესწირავს 50 ათას რუბლს, შემდეგ კი განაცხადებს, რომ იმედგაცრუებულია ამით და მიდის შესაბამის ორგანოში განცხადების დასაწერად. ასე იქნა შეთითხნილი ის საქმე, რომლის გამოც ალექსეიმ ცხრაწლიანი ციხე მიიღო“, - აღნიშნავს ალექსეი ნავალნის გუნდი.

როგორც გამომძიებლები ამტკიცებენ, კონსტანტინ კოსტინი, სავარაუდოდ, ფლობს სახლს იტალიურ ტოსკანაში და 2 ჰექტარ ფართობს, რომლის ცენტრში მდებარეობს ორსართულიანი 12-ოთახიანი ვილა. იგი შეძენილია 2014 წლის თებერვალში და დარეგისტრირებულია მისი ცოლის, ოლგა კოსტინას სახელზე.

ალექსეი ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ იურიდიული დოკუმენტები გაუგზავნეს იტალიის, შვეიცარიისა და მონტენეგროს ხელისუფლებებს და მოითხოვენ, რომ მოროზოვი, მატვეიჩევი და კოსტინი ჩართონ სანქცირებულ პირთა ყველა იმ სიაში, როლებშიც ისინი ჯერჯერობით არ არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG