Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვივამედის" დირექტორი პენიტენციურს - მიგვიანებთ ჩამორიცხვებს, მთელი განყოფილება მიცდება, ერთი პაციენტი წევს


ნინო ნადირაძე, "ვივამედის" გენერალური დირექტორი
ნინო ნადირაძე, "ვივამედის" გენერალური დირექტორი

კლინიკა "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმის სასამართლო პროცესზე გამოკითხვისას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს გადასახადის გადაუხდელობა შეახსენა. მან ნიკა აბრამიშვილს კითხვის დასმა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ სექტემბრის შემდეგ არაფერი ჩაურიცხავთ.

"თქვენ, სხვათა შორის, მიგვიანებთ ჩამორიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო თურმე კლინიკამ. მთელი განყოფილება მიცდება, ერთი პაციენტი წევს იქ. ერთხელ ჩამირიცხეთ ივნისში და მეორეჯერ სექტემბერში, ახლა თებერვალია. საშუალედო კალკულაცია გამოგზავნილია", - თქვა ნადირაძემ პროცესზე, რაზეც აბრამიშვილმა უპასუხა:

"კი ბატონო, გადავცემ შესაბამის სამსახურს, ბოდიში".

რადიო თავისუფლება ინფორმაციის გადასამოწმებლად პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. პენიტენციურ სამსახურში ჩარიცხვების შეფერხებას არ ადასტურებენ, "პენიტენციური სამსახურის მხრიდან ჩარიცხვების მხრივ შეფერხება არ დასტურდება. სავარაუდოდ, მოწმემ იხუმრა", - აცხადებენ უწყებაში.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარემ საკუთარი მოწმეების გამოკითხვა დაასრულა. დღეიდან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოწმეები უპასუხებენ მხარეების კითხვებს.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

* მასალა განახლდა პენიტენციური სამსახურიდან მიღებული პასუხის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG