Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ბირთვული ომის რისკი არ არის


მიხაილო პოდოლიაკი
მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინას 150-200 კმ მანძილზე მოქმედების რაკეტები ესაჭიროება, რათა შეძლოს რუსეთის ჯარების მომარაგების გზების გადაკეტვა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ესპანურ გამოცემა „20 minutos“-თან ინტერვიუში.

„უკვე ვაწარმოებთ მათ შესახებ მოლაპარაკებებს, მაგრამ დავადასტურებთ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი გვექნება“, - თქვა მან. ასევე მან ილაპარაკა იმაზე, რომ კიევს სჭირდება 350-დან 400-მდე ტანკი, რომელთა მეშვეობითაც უკრაინის ჯარები შეძლებდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწრაფად შეღწევას და მათ გათავისუფლებას.

იანვრის ბოლოს დასავლელი პარტნიორები დათანხმდნენ, უკრაინას მიაწოდონ თავიანთი ძირითადი ტანკები. მათ ნაწილს არსებული მარაგებიდან აიღებენ, ნაწილი კი ჯერ კიდევ უნდა აწარმოონ. უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ პირველი პარტიის სახით 140 ტანკს მიიღებს 12 სახელმწიფოსგან. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დამდეგს მოსალოდნელია ასევე აშშ-ის ტანკების, Abrams-ების პირველი პარტიის მიწოდება.

ესპანური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პოდოლიაკმა თქვა, რომ კიევი ვერ ხედავს ბირთვული ომის რისკს. მისი სიტყვებით, რუსეთი მზადაა კვლისთვის საკუთარი ტერიტორიის გარეთ, მაგრამ თავად რუსეთის ხელისუფლებას არ სურს სიკვდილი.

XS
SM
MD
LG