Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გახსნეს სახელმწიფო სახსრების დატაცების სქემები


სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების მასშტაბური დატაცების სქემები გახსნილია, განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ).

უწყების შეფასებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზარალის საერთო მოცულობა 119,5 მილიონი გრივნა არის (დაახლოებით 3 მლნ აშშ დოლარი).

გამოძიების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორ კომერციულ სტრუქტურასთან მოაწერეს ხელი შეთანხმებას სამხედროთა დისლოკაციის ადგილებში სურსათის მიწოდების თაობაზე.

„უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სასურსათო პროდუქციის გარკვეული მოცულობების მიწოდების ნაცვლად სქემის მონაწილეებს სახსრები გამოჰქონდათ რამდენიმე აფილირებული ფირმის მეშვეობით“, - აღნიშნავს სბუ.

გარდა ამისა, როგორც BBC იტყობინება, კიევის ოლქში სბუ-ს თანამშრომლებმა გამოავლინეს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ 2,4 მლნ გრივნის დატაცება, რაც პირადი შემადგენლობის კვებისთვის იყო გამოყოფილი.

იანვრის ბოლოს უკრაინის პრესაში გამოჩნდა ცნობები გამოძიების შესახებ, რომელშიც გახსნილი იყო სამხედროთა კვებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემები.

ამის შემდეგ უკრაინის აუდიტორებმა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების შემოწმება დაიწყეს.

სკანდალის ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში რამდენიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკის გადაყენების შესახებ.

ევროკავშირმა დადებითად უპასუხა უკრაინაში ანტიკორუფციული ზომების შესახებ ცნობებს და აღნიშნა, რომ აუცილებელია კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG