Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაგნერის“ დაქირავებული პატიმრები თავისუფლდებიან... ვინც ცოცხალი რჩება


„ვაგნერის“ ცენტრი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, 2022 წლის 4 ნოემბერი
„ვაგნერის“ ცენტრი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, 2022 წლის 4 ნოემბერი

უკრაინაში საბრძოლველად გადაბირებული პატიმრების შეწყალების შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებები, რუსეთში დღემდე გასაიდუმლოებულია. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნისთვის უცნობია პუტინის მიერ საომარ მოქმედებაში მონაწილეობის გამო შეწყალებულ პატიმართა რაოდენობა.

ცნობილია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის საჯაროდ ნათქვამი, რომ უკრაინაში მებრძოლმა ათობით მსჯავრდებულებმა "ვაგნერელმა" შეწყალება პირდაპირ ფრონტის ხაზზე მიიღო. ზოგიერთ მათგანს მალე უკან ფრონტის ხაზზე გაგზავნიან. სხვები კი, რომელთა შორის მკვლელები, მოძალადეები და მძარცველები არიან, მალე დაუბრუნდებიან თავისუფლებას.

ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი მსხვერპლის გამო რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) „ვაგნერის“ პატიმართა გადაბირების პროგრამა, მნიშვნელოვნად შემცირდა.

„თქვენი კრიმინალური ნიჭი მჭირდება იმისთვის, რომ მტერი ხოცოთ“

„თქვენ 180 დღე გაისარჯეთ ისე, როგორც საჭირო იყო. ყველა თქვენგანმა გამოავლინეთ გმირობა და თავდადება. თითოეულმა თქვენგანმა გაიარეთ ის, რაც არ გაუვლიათ თქვენს მამებსა და პაპებს, არამედ მხოლოდ თქვენმა დიდმა პაპებმა გაიარეს დიდ სამამულო ომში. როდესაც ომში მიმყავდით, მახსოვს, ბევრი თქვენგანი ეჭვობდა, წასულიყო, თუ არა. თავის დროზე მე გეუბნებოდით, რომ თქვენი კრიმინალური ტალანტები მჭირდება იმისათვის, რომ ომში მტერი ხოცოთ. ახლა კრიმინალური ტალანტი აღარ არის საჭირო. ეცადეთ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბანაკებში დაბრუნება არ არის საჭირო. და იმისთვის, რომ კვლავ მოხვდეთ ჩვენთან ომში, არ არის აუცილებელი, რომ ისევ ციხეში მოხვდეთ“, - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ევგენი პრიგოჟინი მამაშვილურად „მოძღვრავს“ აეროდრომზე მდგარ ყოფილ მსჯავრდებულთა ჯგუფს.

ისინი ნახევარი წლის წინ წაიყვანეს კოლონიებიდან და უკრაინაში მიმდინარე ომში გაგზავნეს. „კონტრაქტის გავლის“ შემდეგ ყოფილ პატიმართა ოთხი ჯგუფის გათავისუფლებას ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი „ახალი ამბების ფედერალური სააგენტო“ აშუქებდა.

გარდა ამისა, სხვადასხვა წყაროსგან შეკოწიწებული ცნობების თანახმად, თავისუფლება უბოძეს პატიმრებს, რომლებმაც ფრონტზე ხელი ან ფეხი დაკარგეს. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. და თანაც ყველა დასახიჩრებულს როდი გაუმართლა. უფლებადამცველმა ივან ასტაშინმა, რომელიც ინიციატივა „სოლიდარობის ზონის“ აქტივისტია, მოიპოვა ინფორმაცია, რომ მორდვეთში მდებარე ერთ-ერთი ციხის საავადმყოფოში, ანუ უკან საპატიმროში, დააბრუნეს ზოგიერთი დაჭრილი მსჯავრდებული.

მისი ინფორმაციით, გათავისუფებულ პატიმარ-დაქირავებულებთან პრიგოჟინის ამ ვიდეოჩანაწერმა სოციალურ ქსელში თავი იჩინა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამქირავებლები გასული წლის დეკემბერში მორიგ ჯერზე გაემგზავრნენ შრომა-გასწორების კოლონიებში.

სხვადასხვა გზით მიღებული ინფორმაციით, მსჯავრდებული პატიმრები მათ ეკითხებოდნენ, თუ წინა ჯერზე დაქირავებულ მებრძოლთა რა პროცენტმა შეძლო ბრძოლიდან ცოცხლად გამოსვლა. პატიმრებმა ამ შეკითხვაზე მკაფო პასუხი ვერ მიიღეს, შესაბამისად, გასული წლის დეკემბერში „ვაგნერის“ რიგებში უფრო ნაკლები მსჯავრდებული ჩაეწერა, ვიდრე წინა თვეებში.

როგორც ასტაშინმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი წყაროს ცნობით, მაგალითად, ბელგოროდის ოლქში მდებარე კოლონიიდან გადაბირებულ პატიმართაგან, სავარაუდოდ, დაახლოებით 10-დან ერთმა დაქირავებულმა შეძლო გადარჩენა.

„პრიგოჟინთან შეხვედრის ვიდეოზე, ორი ათეული კაცი ჩანს. ხოლო ბანაკებიდან ომში ასობით პატიმარს გზავნიან. შესაბამისად, ასეთი შეფასება სანდოა... ვიდეოზე გამოსახული რამდენიმე კაცი უკვე ამოიცნეს, როგორც პატიმრები, რომლებიც უბრალოდ კი არ ემსახურებოდნენ ადმინისტრაციას, არამედ სხვა პატიმრების ცემასა და წამებაში მონაწილეობდნენ. ესენი არიან ყოველგვარი მორალური ორიენტირებისგან დაცლილი ადამიანები. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მათ სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, ფრონტიდან უკუქცეულთა შემაკავებელ რაზმებში (რუსულად заградотряд) იყენებდა“, - ამბობს ივან ასტაშინი.

გამოცემებმა - „ვაჟნიე ისტორიი“ და „სააგენტო“ შეძლეს სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დახმარებით გათავისუფლებული რამდენიმე პატიმრის ამოცნობა. ისინი თავის დროზე გისოსებს მიღმა მკვლელობის, ძარცვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო აღმოჩნდნენ.

მკვლელი, რომლის გათავისუფლება მის ახლობლებსაც აშინებს

რუსეთში სულ უფრო ხშირად აძლევენ გმირის წოდებას კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) „ვაგნერის“ შემადგენლობაში მებრძოლ დაქირავებულებს.

მაგალითად, ერთ-ერთი დაქირავებული, რომელიც ნარკოტიკების გასაღებისათვის იყო ნასამართლევი, სიკვდილის შემდეგ მამაცობის ორდენით დააჯილდოვეს და პეტერბურგში საზეიმოდ დაკრძალეს. ხოლო მკვლელობისთვის ნასამართლევი „ვაგნერელის“ პატივსაცემად სარატოვის ერთ-ერთი სკოლის ფასადზე მემორიალური დაფა დაამონტაჟეს.

ცოტა ხნის წინ კი რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა „ვაგნერის“ მოიერიშე ქვედანაყოფის მეთაურს, ანტონ ელიზაროვს, რომელიც ადრე თაღლითობისთვის ყოფილა ნასამართლევი.

გამოცემა „ხოლოდმა“ გამოაქვეყნა დეტალური ინტერვიუ პატიმართან, სტანისლავ ბოგდანოვთან, რომელმაც ომში ფეხი დაკარგა. სასტიკი მკვლელობის ჩადენისთვის მას 23 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გამოძიების თანახმად, რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდა შემთხვევით გაცნობილ ადამიანს, შემდეგ თავში ჰანტელის ჩარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა.

მკვლელმა ციხეში 10 წელიწადი დაჰყო და 13 წელი რჩებოდა მოსახდელი, როცა 2022 წელს საომრად უკრაინაში წავიდა, სადაც ფეხი დაკარგა. ახლად გამომცხვარი მებრძოლი თავის მომავალს „ვაგნერს“ უკავშირებს და აპირებს შეასრულოს ისეთი დავალება, რაც უფეხო ადამიანსაც შეუძლია. ინტერვიუს თანახმად, იგი დიდად არ ნანობს იმ მკვლელობას, რის გამოც პატიმრობა მიესაჯა. სამაგიეროდ, საგონებელში არიან ჩავარდნილი მისი ახლობლები. ისინი შოკში არიან იმის გამო, რომ დამნაშავე თავისუფალია და სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირად ითვლება.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შემდეგ ათობით გადაბირებულმა პატიმარმა უკვე მიიღო შეწყალება, „ვაგნერის“ რიგებში გაწევრიანება ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარულია რუს პატიმრებს შორის. რუს პატიმრებს შორის უკვე გავრცელდა ხმები, რომ ქრთამის საშუალებით შეიძლება მოიპოვო თავისუფლებაც და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასაც აარიდო თავი.

ერთმა თანამოსაუბრემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გათავისუფლების სანაცვლოდ სავარაუდო თანხად 1 მილიონი რუბლი განიხილება, მაგრამ მსჯავრდებული ბიზნესმენების შემთხვევაში გაცილებით დიდ თანხას ითხოვენ.

ამის მაგალითად მოჰყავთ ორი შემთხვევა, როდესაც უკრაინაში 6-თვიანი ომის შემდეგ ცოცხალი გადარჩა არასპორტული აღნაგობის ყოფილი პატიმარი და ასევე 60 წლის ყოფილი პატიმარი.

მაგრამ ეს ხმები უარყო ტელეგრამის არხმა „პრიგოჟინის კეპი“, რომელიც ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურად ითვლება.

რატომ დაეცა პატიმართა გადაბირების ტემპი?

კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) „ვაგნერის“ პატიმართა გადაბირების პროგრამა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდა 2022 წლის ზაფხულის და შემოდგომის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის 3 თებერვლის განცხადებაში.

როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, ამასვე ადასტურებს ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელი მებრძოლების არაოფიციალური ანგარიშები, რომელთა თანახმად, რუსეთი ნაკლებად ეყრდნობა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ გადაბირებული პატიმრებისგან დაკომპლექტებულ შემტევ პოტენციალს ფრონტის საკვანძო სექტორებში.

მანამდე, დაჯგუფება „ვაგნერის“ მიერ თავის რიგებში რუსი პატიმრების გაწევრიანების ტემპის შენელებაზე ომის შესწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმაც (ISW) გაამახვილა ყურადღება.

ანალიტიკოსების აზრით, პატიმართა რეკრუტირების შემცირება შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს კსკ „ვაგნერის“ ჯგუფის რეპუტაციით, რომელსაც პირადი შემადგენლობის ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს.

„ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური, გამოცემა Mediazona და მოხალისეთა ჯგუფი 11 თვის განმავლობაში რუსეთის არმიის დანაკარგების დინამიკის შესწავლის შემდეგ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკრაინაში დაღუპულ რუსი სამხედროების დიდ ნაწილს შეადგენენ მოხალისეები, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მოქალაქეები და გადაბირებული პატიმრები და, ასევე, მობილიზებულები. ისინი ერთად აღებული, რუსეთის მიერ დადასტურებული საერთო დანაკარგის ერთ-მეოთხედს შეადგენენ.

უკრაინაში დაღუპული 13 000-ზე მეტი იდენტიფიცირებული რუსი სამხედრო მოსამსახურიდან 1,665, ანუ თითქმის 15% - ოფიცერია. მათ შორის ოთხი გენერალი და 54 პოლკოვნიკია.

ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ პირადი შემადგენლობის დანაკარგის გაანგარიშებისას ისინი იყენებენ მხოლოდ დადასტურებულ მონაცემებს ღია წყაროებიდან - რუსული მედიისა და რეგიონალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ანგარიშებს, ამიტომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება იყოს მინიმუმ ორჯერ მეტი.

მონიტორინგის ავტორების ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში შეჭრის დროს რუსეთმა მოკლულის სახით სავარაუდოდ 26 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა. ხოლო მინიმუმ 117 ათასს უნდა შეადგენდეს დაკარგული, დაჭრილი და ზოგადად მწყობრიდან გამოსული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის რაოდენობა.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
უკრაინამდე რუსეთი „ვაგნერს“ იყენებდა სირიასა და აფრიკაში. „ვაგნერელები“ ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში. აშშ-ს პრიგოჟინისა და „ვაგნერისთვის“ სანქციები აქვს დაწესებული.
შეერთებულმა შტატებმა ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და ახალი სანქციები დააწესა რუსეთის წარმომადგენლების მიმართ.
ახალი სანქციები ასევე შეეხოთ ექვს პირსა და 12 კომპანიას, რომლებიც ვაშინგტონი „ვაგნერთან“ და მის დამფუძნებელსა და სპონსორ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულად მიიჩნევს. სიაში, კერძოდ, შედიან „ალმაზ-ანტეის“ კონცერნი, საჰაერო თავდაცვის სისტემების შემქმნელი და მწარმოებელი Sela Security Services, რომელიც, მედიის ცნობით, ცენტრალურ აფრიკაში „ვაგნერის“ ინტერესების დამცველს წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG