Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში თავდაცვის მინისტრს ცვლიან


ოლექსი რეზნიკოვი
ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს, შეცვლის გენერალი კირილო ბუდანოვი, ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ამ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი. ამ ცნობების ფონია რუსეთის გაძლიერებული შეტევის მოლოდინი და კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები.

"კირილო ბუდანოვი უხელმძღვანელებს თავდაცვის სამინისტროს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია ომის პერიოდში", - ამბობს დეპუტატი დავით არახამია, მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო "ფრანს-პრესი".

რეზნიკოვი დაინიშნება სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად, დასძენს არახამია.

რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა და მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი უკრაინის ძალების გასაძლიერებლად დასავლური იარაღის მოპოვებაში.

თუმცა მისი სამინისტროს გარშემო კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალებიც იყო.

იანვრის ბოლოს რეზნიკოვის მოადგილე იძულებული გახდა გადამდგარიყო, მას შემდეგ, რაც სამინისტრო დაადანაშაულეს საკვების კონტრაქტების ორჯერ და სამჯერ მაღალი ფასებით გაფორმებაში, საბაზისო პროდუქტების ფასებთან მიმართებით.

მანამდე, 5 თებერვალს, რეზნიკოვმა პრესკონფერენცია გამართა, ისე, რომ არაფერი უთქვამს, აპირებდა თუ არა სამინისტროში დარჩენას.

თუმცა რეზნიკოვმა დასძინა, რომ მისი ბედის გადაწყვეტა შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის - რომელმაც გასულ კვირაში გააძლიერა კორუფციასთან ბრძოლის ძალისხმევა.

"იმ სტრესის ზუსტად გაზომვა, წელს რომელიც შემხვდა, შეუძლებელია" - თქვა რეზნიკოვმა და დასძინა: "ჩემი სინდისი აბსოლუტურად სუფთაა".

XS
SM
MD
LG