Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება თანაუგრძნობს თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს მიწისძვრის მსხვერპლის გამო


მიწისძვრით დანგრეული სახლი, თურქეთი. 2023 წლის 6 თებერვალი
მიწისძვრით დანგრეული სახლი, თურქეთი. 2023 წლის 6 თებერვალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კახრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობას უცხადებენ.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად. „უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე უსამძიმრებს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს გამძლეობას უსურვებს. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ საქართველო მათ გვერდით დგას ამ რთულ დროს.

დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს შალვა პაპუაშვილი. „ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტვიტერზე.

უკანასკნელი მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 284 ადამიანი დაიღუპა თურქეთში და 237 - სირიაში. ამის შესახებ თურქეთის მედიასაშუალებები და სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყებიან. ორივე ქვეყანაში დაშავებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია ასეულობით შენობა. სტიქიური უბედურების ზონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თურქული სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეპის მახლობლად მდებარეობდა.

XS
SM
MD
LG