Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კირთაძე უარს ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრობაზე


გიორგი კირთაძე
გიორგი კირთაძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე უარს ამბობს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე.

კირთაძე საბჭოს წევრად აირჩიეს "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, რომელიც 5 თებერვალს თბილისში ჩატარდა. დღეს, 6 თებერვალს, გიორგი კირთაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ფაქტი შემთხვევით, ფეისბუკიდან გაიგო:

„არც ვიცოდი პოლიტსაბჭოს არჩევნები თუ იყო. დელეგატადაც არ ვყოფილვარ მიწვეული და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ გავმხდარვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი. ეს არ არის სწორი. მაშინ, როცა ერთი კვირის წინ ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები და მაღალი ლეგიტიმაციით ავირჩიეთ თავმჯდომარე, მიმაჩნია, რომ ასეთივე მაღალი ლეგიტიმაციით უნდა მოხდეს სხვა რგოლების არჩევაც. პოლიტიკური საბჭო კი არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი პარტიაში".

როგორც გიორგი კირთაძე ამბობს, საბჭოს წევრობაზე უარი პარტიის ხელმძღვანელობას ანალოგიური ფორმით - ფეისბუკზე საჯარო პოსტით შეატყობინა. კირთაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას არ აპირებს და ჯერჯერობით არ სურს დეტალურად საუბარი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე, რადგან, მისი თქმით, „დღეს მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადოს“.

გიორგი კირთაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა 30 იანვარს დატოვა, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ჩატარებული ელექტრონული კენჭისყრის შედეგად ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. გიორგი კირთაძე მხარს უჭერდა პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG