Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ხოჯევანიშვილი პარტიას, „საქართველოსთვის" და პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს


გიორგი ხოჯევანიშვილი
გიორგი ხოჯევანიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, თანაპარტიელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის წევრის მანდატისა და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას არ გეგმავს და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ერთადერთი გარემოება: მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს. სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით არ მეძლევა საშუალება ეფექტურად მოვახდინო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება და არასდროს წარმოადგენდა რაიმე თანამდებობა თვითმიზანს...

აქვე გარკვევით მინდა განვმარტო, რომ არ ვგეგმავ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას და ვაპირებ საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში.

გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, კოლეგებს, თანაგუნდელებს, ასევე ყველა ღირსეულ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვსაქმიანობდი წლების განმავლობაში საჯარო სექტორში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი და ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამოაზრეს. იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი!" - ვკითხულობთ ხოჯევანიშვილის განცხადებაში.

გიორგი ხოჯევანიშვილს 2018-2020 წლებში შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის „ქართული ოცნებიდან" გახდა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, ხოჯევანიშვილმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა. მან გახარიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო პარტიის, „საქართველოსთვის", დაფუძნებაში და თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია დაიკავა.

ხოჯევანიშვილის მიერ პარლამენტის წევრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გორსა და კასპში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები გაიმართება.

XS
SM
MD
LG