Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილის გადაცემას მოითხოვს


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უკრაინის საგარეო უწყება იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უარი განაცხადოს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობის გაზიარებაზე, რომელიც ეხება სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ექიმების დასკვნები სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო. მან ასევე უარი განაცხადა მოქალაქის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა და გადასცეს უკრაინას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უფლებების დაცვას მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც უნდა გათავისუფლდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მან მაშინვე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG