Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძეს მუქარაში ადანაშაულებს


ორბელიანების სასახლე
ორბელიანების სასახლე

შეწყალების საკითხზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. როგორც ის აღნიშნავს, დაუშვებელია პრეზიდენტის მიერ დისკრეციული კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირონიულად ციტირებს კობახიძის სიტყვებს, რომლებიც მან საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებისას წარმოთქვა.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს გამოეხმაუროს პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი კობახიძის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ განცხადებას.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ „სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!" - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ შეკითხვას უპასუხა, რომ ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. „საზოგადოებას, მე დარწმუნებული ვარ, ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე, მეც მექნებოდა და მექნება, ბუნებრივია, ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე. რომ მოხდეს ასეთი რამ თეორიულად, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გადავადების ან პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის.

6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მან მაშინვე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG