უკრაინამ გაკიცხა ლეგენდარული როკჯგუფის, Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებლის, როჯერ უოტერსის კომენტარები, რომლითაც ის გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოვიდა 8 თებერვალს.
ბრიტანელმა მუსიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ იყო „არაპროვოცირებული“.
79 წლის უოტერსი გაეროში რუსეთის ელჩმა მიიწვია უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსასვლელად და უკრაინისთვის დასავლეთის იარაღის მიწოდებაზე სამსჯელოდ.
ადრე უოტერსმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ომისადმი თავისი დამოკიდებულებით და განცხადებებით, რომ დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს კიევისთვის იარაღის მიწოდება.
უშიშროების საბჭოში ონლაინ რეჟიმში გამოსვლისას მუსიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა უკანონოა და ის „სრულიად კატეგორიულად“ დაგმო. მაგრამ ამავე დროს მიანიშნა, რომ კიევიც დამნაშავეა.
გაეროში უკრაინის ელჩმა სერჰი კისლიცამ უოტერსს პასუხი გასცა Pink Floyd-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის, 1979 წელს გამოსული Another Brick in the Wall-ის („ერთ-ერთი აგური კედელში“) ტექსტზე ალუზიით.
„რა დასანანია მისი თაყვანისმცემლებისთვის იმის ყურება, როგორ იღებს ის ერთ-ერთი აგურის როლს კედელში, რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კედელში,“ თქვა კისლიცამ.