Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" გზავნილები ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან წინააღმდეგობაშია. პრეზიდენტის თქმით, "ჩვენი დეფეტიზმი [დამარცხების მიღება ბრძოლის გარეშე] უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან".

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

"ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას.

სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება".

დღეს, 9 თებერვალს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისევ მეორე ფრონტის გახსნის ინტერესებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, მიუხედავად საქართველოს სამხედრო რესურსისა, რომ "რუსეთს დაუმძიმოს ვითარება", ამას არ გააკეთებენ და "ქვეყანას არავის გაანადგურებინებენ":

"არსებობს მეორე ფრონტის გახსნის კონკრეტული ინტერესი, იმისათვის, რომ რუსეთს დაუმძიმდეს პირველ ფრონტზე მდგომარეობა. ჩვენ გვყავს 25 ათასი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, გვაქვს ასამდე ტანკი, 2 მოიერიშე თვითმფრინავი და ა.შ.

გარკვეული რესურსი, რომ ჩვენ დავუმძიმოთ რუსეთს ვითარება, არსებობს, მაგრამ ეს, საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების ხარჯზე მოხდება. ჩვენი ინტერესია, ქვეყანა არავის გავანადგურებინოთ, ამიტომ ბოლომდე გავყვებით ამ ინტერესს".

კობახიძემ, ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის მოცემულობით, ფრონტზე უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან უკრაინას ამ დროის განმავლობაში არცერთი დასახლებული პუნქტი "არ აუღია". ამასთან, მანვე დაამატა, რომ ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, "საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში".

"ამის უკან ვიღაცისთვის რაღაც ობიექტური ინტერესი შეიძლება, არსებობდეს", თქვა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, "ვის აქვს ეს ინტერესი?" - კობახიძე არ აკონკრეტებს კონკრეტულ ქვეყნებს და ამბობს: "დავარქვათ გლობალური ომის პარტია. ვიცით ჩვენ ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე არ დავარქმევთ სახელს. გლობალური ომის პარტიას ვამბობთ, რათა არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოს".

XS
SM
MD
LG