საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის" ანგარიშზე გამოეხმაურა უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას ევროპული საბჭოს წინაშე.
„მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპულ საბჭოში. ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 თებერვალს ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომაზე, უკრაინასთან ერთად საქართველოს შესახებ ილაპარაკა: „უკრაინას არასდროს უნდოდა ომი, არასდროს სურდა არც ეს და არც რომელიმე სხვა ომი. უკრაინას არასდროს წამოუწყია ის და მუდამ მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობდა. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. ისტორიამ ეს ძალიან კარგად იცის. იცით, ჩვენი „ფორმულისა“ და ჩვენი ერთიანობის პოტენციალი. მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ეს პოტენციალი! ევროპა თავისუფალია და თავისუფალი იქნება. ევროპა ერთიანია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპა ერთიანი იყოს დამოუკიდებელ უკრაინასთან, დამოუკიდებელ მოლდოვასთან, დამოუკიდებელ საქართველოსთან, დამოუკიდებელ ბალტიის ქვეყნებთან, დამოუკიდებელ პოლონეთთან და ყველა სხვა სახელმწიფოსთან ერთად, რომელიც არის ჩვენი თანამედროვე ევროპის წევრი უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება ევროპის ყველა ქვეყნისთვის”.