Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Credit Suisse აცხადებს, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაყინა 17,5 მილიარდის ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები


შვეიცარიული ბანკი Credit Suisse აცხადებს, რომ 17,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის (დაახლოებით 19 მილიარდი დოლარი) რუსული აქტივები გაყინა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

ამის შესახებ იტყობინება გაზეთ Tages-Anzeiger-ის 12 თებერვლის გამოშვება. წერილში ნათქვამია, რომ მთლიანობაში, შვეიცარიაში არსებული რუსული აქტივების ოდენობა, დაახლოებით 46 მილიარდი ფრანკია. ამრიგად, Credit Suisse-ის ანგარიშებზე ყველა აქტივის მესამედზე მეტია გაყინული. ამასთან, მათი მხოლოდ მცირე ნაწილი - დაახლოებით 4 მილიარდი - ეკუთვნის ევროპის კავშირის სანქციების სიაში მყოფ ადამიანებს.

დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ შვეიცარია და რიგი ქვეყნებისა, რომლებიც არ შედიან ევროპის კავშირში. დარჩენილი 13,6 მილიარდი ფრანკის ნაწილი - როგორც გაზეთი წერს - ეკუთვნის სანქციების სიაში შეყვანილ ადამიანებს, რომლებსაც სხვა, მაგალითად, აშშ-ის სანქციები შეეხოთ.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, მათ შორისაა ვიქტორ ვექსელბერგი, რომელსაც ანგარიში აქვს Credit Suisse-ში, მაგრამ არ შეუძლია თანხის გამოტანა, მიუხედავად იმისა, რომ მას ევროპის კავშირის სანქციები არ შეხებია. ამ თანხის კიდევ ერთი ნაწილი შესაძლოა, ეკუთვნოდეს რუსულ "ცენტრობანკს" ან უშუალოდ რუსეთის ფედერაციას.

გაზეთი აღნიშნავს, რომ მეორე შვეიცარიულ ბანკში, UBS-ში, დაახლოებით 7,5 მილიარდი რუსული აქტივია გაყინული, ანუ, ორჯერ ნაკლები, ვიდრე Credit Suisse-ში.

ეს მონაცემები ცნობილი გახდა Credit Suisse-ის პრობლემების შესახებ ცნობების ფონზე. გასულ წელს კომპანიამ თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. გაზეთი კითხვას სვამს, უკავშირდება თუ არა ეს, მათ შორის, ომის დაწყების შემდეგ რუსული კაპიტალის გადინებას. არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი რუსული აქტივია ამჟამად გაყინული იმ ქვეყნებში, რომლებმაც სანქციები დააწესეს.

გასული წლის ბოლოს ევროპის კომისიამ 60 მილიარდზე მეტი ოდენობის თანხა დაასახელა. თეორიულად, ევროპის ქვეყნებში რუსული "ცენტრობანკის" დაახლოებით 300 მილიარდი ევრო უნდა იყოს გაყინული, თუმცა, ამ დროისთვის, ევროპის კავშირის ქვეყნების მთავრობები აცხადებენ, რომ ამ თანხის მხოლოდ ნაწილია მიკვლეული. ნებისმიერ შემთხვევაში, 17,5 მილიარდი ფრანკი - მნიშვნელოვანი თანხაა, პოტენციური შეზღუდვის ქვეშ მყოფი ყველა რუსული აქტივების ფონზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG