Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთი შავგულიძე მხატვრებს მიმართავს: ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ


ქეთი შავგულიძე, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ კურატორი, ხელოვნებათმცოდნე.
ქეთი შავგულიძე, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ კურატორი, ხელოვნებათმცოდნე.

მხატვარ შოთიკო აფციაურის საჯარო განცხადების შემდეგ, მხატვრებს „ფეისბუკის" პირადი გვერდიდან მიმართა გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ კურატორმა ქეთი შავგულიძემ.

„მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ", - წერს ის.

თბილისში, ეროვნულ გალერეაში გახსნილი ჯგუფური გამოფენის მონაწილემ შოთიკო აფციაურმა ეროვნულ გალერეაში გამოფენილი საკუთარი ნამუშევრის დაბრუნება მოითხოვა. მან „ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ მისწერა ქეთი შავგულიძეს და კულტურის ცენტრ „ათინათს", იმისთვის, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მას ნამუშევარი დაუბრუნდეს. მხატვრის განცხადებით, ამ ვადაზე დიდხანს მისი ნამუშევრის იქ ყოფნა მისთვის მიუღებელია.

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

მომხდარ ფაქტს 12 თებერვალს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ეროვნული გალერეის დირექტორი, მაცაცო გაბუნია და სანდრო სულაბერიძის გადაწყვეტილებას „ინფანტილური მავნებლობა“ უწოდა.

მისი თქმით, კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ მისმა თაყვანისმცემელმა. გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი და ამის შესახებ მან თავად განაცხადა პოლიციაში.

11 თებერვალს, გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.

XS
SM
MD
LG