Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ციხეს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია


ცხინვალი.
ცხინვალი.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტმა, სამშაბათს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა კოლონიას და წინასწარი დაკავების დაწესებულებას. „წითელი ჯვრის" ცხინვალის ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა მარინა თედეთი საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს განუცხადა, რომ აქცია დაკავებულთა პირობების გასაუმჯობესებლად ჩატარდა.

„მოწოდებულია ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებები (60 ტომარა), პირსახოცები (50), ლეიბები (50), ბალიშები (50), საწოლები (50), საბნები (50), სარეცხი ფხვნილი (160 კგ), თხევადი სარეცხი საშუალება. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კომპლექტები (10 პერსონაზე)“, - განაცხადა თედეთიმ. მანვე დასძინა, რომ, გარდა ამისა, მიწოდებულია ორი სარეცხი მანქანა, 2 ტელევიზორი, 20 ელექტრო გამათბობელი და სტომატოლოგიური სკამი.

„ჰუმანიტარული დახმარება, შესაბამისი ორგანოებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებული საჭიროებების გათვალისწინებით მივაწოდეთ“, - განმარტავს მარინა თედეთი.

ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება, მათ ე.წ. საზღვრის დარღვევის და სხვა ბრალდებები წაუყენეს. დაკავებულთა შორის არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე. მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში, ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, როგორც ჩხიკვაძის ბიძამ, შმაგი ჭანკვეტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, მამუკას ცხინვალში ადგილობრივი ადვოკატი ჰყავს, რომელმაც ეს განაჩენი გაასაჩივრა. აგვისტოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG