Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს „ინტერ რაოს“ სასარგებლოდ 75,9 მლნ დოლარის გადახდა ეკისრება


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

საქართველომ საერთაშორისო არბიტრაჟში დავა წააგო რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „Интер РАО“-სთან. საქართველოს კომპანიის სასარგებლოდ 75.9 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა. დავა წლების წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას და ელექტროენერგიის ტარიფებს შეეხებოდა, რომლის საფუძველზეც კომპანია თავს ფინანსურად დაზარალებულად თვლიდა.

„Интер РАО“-სა და საქართველოს დავას განიხილავდა საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრი, რომელიც მსოფლიო ბანკთან არსებობს.

„Интер РАО“ დავობდა იმაზე, რომ საქართველოს მხრიდან 2014 წლიდან მიღებული რიგი ზომები მათ ინვესტიციებზე არახელსაყრელ გავლენას ახდენდა.

კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ, რომელშიც არ შევიდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ხარჯზე ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიები, რომელიც ასახული იყო 2013 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებასა და თანამშრომლობის მემორანდუმში.

2016 წელს კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრმა გადაწყვიტა, რომ საქართველომ ნიდერლანთან დადებული შეთანხმება ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შესახებ დაარღვია. ხელშეკრულებით დაცულია უცხოელი ინვესტორების ინტერესები საქართველოში. შესაბამისად, დააკმაყოფილა „Интер РАО“-ს მოთხოვნა და საქართველოს მისი შვილობილი კომპანიებისთვის Inter RAO Gardabani Holdings-ისა და Silk Road Holdings-ისთვის 75.9 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა.

ამასთან, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამარლომაც Интер РАО-ს სასარგებლო გადაწყეტილება გამოიტანა. სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2021 წელს გახდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ კომპანია 200 მლნ დოლარის გადახდას მოითხოვდა. თუმცა, 2021 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს 80.5 მლნ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. რუსული კომპანია საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაციის გასაჩივრებას მაშინვე აანონსებდა, დაზუსტებული ინფორმაციის ახლა ეს საკომპენსაციო თანხა 112 მლნ დოლარს შეადგენს.

კომპანია Интер РАО“ საქართველოში ორ შვილობილ კომპანიას ფლობს - Inter RAO Gardabani Holdings-სა და Silk Road Holdings-ს. Inter RAO Gardabani Holdings -ი ორ ქართულ ჰიდროელექტროსადგურს, ხრამი-1-ს და ხრამი-2-ს ფლობს, Silk Road Holdings-ის საკუთრებაშია ენერგეტიკული კომპანია თელასის 75 პროცენტი.

რადიო თავისუფლება საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებულ დავასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს დაუკავშირდა. უწყებებისგან, მათი პოზიციის თაობაზე მიღებული ინფორმაციით მასალა განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG