Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: აგენტი ნიშნავს, რომ ვიღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„უცხოური გავლენის აგენტობის" შესახებ კანონპროექტზე ილაპარაკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. „ხალხის ძალის" წევრების საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას" ამ კანონპროექტის მხარდაჭერის საკითხზე ჯერ არ აქვს პოზიცია შეჯერებული.

„მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა გაცხადდა, ჩვენ არ გვქონია უმრავლესობის შეკრება და გუნდში არ გვქონია ზოგადად მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე არ მაქვს უფლებამოსილება, რომ დღეს გუნდის პოზიცია დავაფიქსირო. შევიკრიბებით, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

მე, როგორც იურისტი გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს, რომელიც გუშინ დაინიცირდა. შემიძლია, გითხრათ, რომ იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე, თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ რაღაცაზე მეტ დაფინანსებას, უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალობაში მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით", - თქვა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მედიის შესახებაც ილაპარაკა: „ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით რეალურად ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ საუბარია სხვა მაუწყებლებზე, ვებგამოცემებზე, ყველაფერზეა საუბარი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რეალურად რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ".

ირაკლი კობახიძემ კანონპროექტში გამოყენებულ ტერმინზე, „უცხოური გავლენის აგენტზე" დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „ტერმინი აგენტი, საქართველოს კანონმდებლობაც და არამარტო კანონმდებლობა, ზოგადად, ყველამ იცის რომ არ ნიშნავს ჯაშუშს. ანუ, საქართველოს კანონმდებლობას თუ ჩახედავთ, ჯაშუშობა არის დასჯადი, ანუ აგენტურული საქმიანობა, როგორც ასეთი - მსგავსი ტერმინოლოგია არ გამოიყენება. ჯაშუშობა არის სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ, ეს არის სხვა რამე. აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. შეიძლება სხვა ტერმინიც არსებობდეს, მაგრამ ამ ტერმინს (აგენტს) რეალურად ვერ გამოეკიდები, იმიტომ რომ არსებობს დაზღვევის აგენტი, რომლის მიზანია რომ დაგარწმუნოს კონკრეტული ხელშეკრულება გააფორმო სადაზღვევო კომპანიასთან, ბანკში არის აგენტი და ყველა სფეროში არიან აგენტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ნიშნავს იმას რომ აგენტებზე და აგენტურაზე მუშაობს ხომ. ანუ, ეს მიღებული ტერმინია რეალურად, ნიშნავს ინტერესების გამტარს", - თქვა კობახიძემ.

საქართველოში არსებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებას იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, რომელიც "ხალხის ძალამ", საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა შეიმუშავა.

კანონპროექტი, რომელსაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ჰქვია, საჯარო გამოქვეყნებამდე, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა" (არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა" (არ იგულისხმება რეკლამა).

ორგანიზაციებისთვის, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოური წყაროა, „უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება სავალდებულო იქნება კანონის მიღებისთანავე - ჯარიმების დაკისრება კი, ორ თვეში, 60 დღეში დაიწყება.

XS
SM
MD
LG