Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია: უნგრეთმა ევროკავშირს დაუბლოკა სააკაშვილის გამო თბილისისთვის პროტესტის გამოცხადება


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან. 2023 წლის 7 თებერვალი
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან. 2023 წლის 7 თებერვალი

უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის პროტესტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა გამოეცხადებინათ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერს პოლონურ რადიოსადგურ RMF-ზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, ევროკავშირი გეგმავდა თბილისისთვის დიპლომატიური პროტესტის გამოცხადებას და მასში უნდა შესულიყო პოლონეთის წინადადება სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის შეჩერებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

გასულ კვირაში, ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო სამკურნალოდ სააკაშვილის მისაღებად. მედიის ცნობით, პოლონეთის წინადადებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გარდა უნგრეთისა, თუმცა, ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლაში დაარწმუნონ. ერთსულოვნების შემთხვევაში, ევროკავშირმა თბილისზე გავლენის ინსტრუმენტად შესაძლოა, გამოიყენოს საქართველოს ევროპული მისწრაფება.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის პრესმდივანმა პეტერ სტანომ უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის გამო ევროკავშირის შესაძლო დემარშის კომენტირებაზე.

15 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლება მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ევროპარლამენტარები მიმართავენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.

XS
SM
MD
LG