Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ გაფრინდა Wizz Air-ით 87 მგზავრი ბერლინში - ქუთაისის აეროპორტის პასუხი


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ბერლინის რეისზე დაგვიანებულმა 87-მა მგზავრმა რეგისტრაცია ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებით ვერ გაიარა - ამის შესახებ საუბრობს ირაკლი ქარქაშაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი.

მისი თქმით, არსებობდა რისკი, რომ ეს რეისი საერთოდ ვერ შესრულებულიყო. ეს ნიშნავს, რომ ბერლინში დარჩებოდა ყველა ის მგზავრი, რომელიც იმავე ავიახომალდს ქუთაისში უნდა ჩამოეყვანა.

ქუთაისი-ბერლინის რეისს Airbus a320 ასრულებს, რომელსაც 180 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ამ დილით თვითმფრინავი დაახლოებით 90 მგზავრით გაფრინდა.

"ისინი მოვიდნენ მას შემდეგ, როცა უკვე რეგისტრაცია დასრულებული იყო და საჰაერო ხომალდში მგზავრები სხდებოდნენ. შემდეგ დაიწყო ყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავების პროცესი.

ბერლინის ფრენა იდგა რისკის ქვეშ საერთოდ გაუქმებულიყო, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მგზავრები მოხსნილიყვნენ ფრენიდან და აღარ დაუშვეს..." - თქვა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა.

ირაკლი ქარქაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ 87 მგზავრიდან 85-მა ბილეთის გადაცვლის ტექნიკური საფასურის გადახდით აირჩია მისთვის სასურველი მიმართულება და თარიღი.

"სტანდარტულ შემთხვევაში ავიაკომპანიები არ ცვლიან ბილეთებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იყო უამინდობა და დაგვიანების მიზეზი არ ყოფილა არც აეროპორტის და არც მგზავრის ინციდენტი, მოხდა ბილეთების გადაცვლა მგზავრებისთვის სასურველი მიმართულებით", - თქვა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა.

ავიაკომპანია Wizz Air-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია განმარტება.

დღეს, 17 თებერვალს დილით ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში.

XS
SM
MD
LG