Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, აშშ-ს სავიზო პოლიტიკა ქართველებს მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, საქართველოდან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში უფრო ნაკლები ადამიანი წავიდოდა, ვიდრე დაბრუნდებოდა. მან "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს "დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას რეალური ზრუნვა" სჭირდება.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოდან უვიზო მიმოსვლაზე საუბრის დროს მოიყვანა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს "მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს".

"ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით - 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით - 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა... ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა", - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

მისი თქმით, "რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა".

"ფეისბუკში" გამოქვეყნებულ პოსტში მან, ასევე, ისაუბრა აშშ-ს სავიზო პოლიტიკაზეც.

"აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა. რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ს მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

9 თებერვალს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოდან აშშ-ში წასული ადამიანები ემიგრაციის მიზეზეზებზე საუბრობდნენ.

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც შენგენის ზონაში ერთიანდებიან ტურისტული მიზნით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG