რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი - ნოვოსიბირსკის ოლქის საკანონმდებლო კრებამ ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ნოვოსიბირსკის მერის პირდაპირი არჩევნები გააუქმა. როგორც რუსული სააგენტოები და გამოცემები წერენ, გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღეს 49 ხმით 12-ის წინააღმდეგ. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ლიბერალ-დემოკრატებმა და პარტია „ერთიანი რუსეთის" წევრებმა. მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ კომუნისტები და ფრაქცია „ახალი ხალხი“.
მერის პირდაპირი არჩევნების გაუქმების მიზეზად დასახელდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა „ეფექტიანობის გაზრდა“. ახალი კანონით, ნოვოსიბირსკის მერს დეპუტატთა საბჭო აირჩევს საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან. კომისიის შემადგენლობის ნახევარს ოლქის გუბერნატორი დააკომპლექტებს.
ნოვოსიბირსკში, რომლის მოსახლეობა 1.6 მილიონზე მეტია, მერის ბოლო პირდაპირი არჩევნები 2019 წელს ჩატარდა. ქალაქის მერად მეორე ვადით აირჩიეს კომუნისტი ანატოლი ლოკოტი, რომელსაც უფლებამოსილება მომავალ წელს ეწურება.
დღევანდელი მოცემულობით, რუსეთში მერს პირდაპირი წესით ირჩევენ მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ხაბაროვსკში, იაკუტსკში, აბაკანში, ანადირსა და ულან-უდეში.