Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები" - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში


ჟურნალისტების აქცია საქართველოს პარლამენტის შენობაში
ჟურნალისტების აქცია საქართველოს პარლამენტის შენობაში

ჟურნალისტების ნაწილი საქართველოს პარლამენტში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან აპროტესტებს იმ კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დარეგისტრირებას, რომელიც "ხალხის ძალამ" უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის შეიმუშავა. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში ჟურნალისტების მდგომარეობა გაუარესდება.

"არა, რუსულ კანონს", "ნუ გვახშობთ თავისუფალ მედიას" - ისმოდა შეძახილები ბიუროს სხდომათა დარბაზთან.

"არა რუსულ კანონს" - მედიის წარმომადგენლების აქცია პარლამენტში
"არა რუსულ კანონს" - მედიის წარმომადგენლების აქცია პარლამენტში

როგორც ჟურნალისტების ნაწილი ამბობს, მათ არ მისცეს საშუალება შეეტანათ საპროტესტო პლაკატები - შესვლის წინ ისინი მანდატურის თანამშრომლებმა ჩამოართვეს.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ: "ნეტგაზეთის", "პუბლიკის", On.ge-ის, "მთის ამბების", "სტუდია მონიტორის" ჟურნალისტები.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".

"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG