Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ამ გადამწყვეტ მომენტში "ოცნება" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ არჩევანს


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე ოპოზიციური პარტია "საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი გახარია თავის ყოფილ თანაგუნდელებს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ "ქართული ოცნება" "ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად".

"ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის. დღეს "ოცნება" ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და ამ ლოგიკით აქვს აწყობილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა", - თქვა გიორგი გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, "რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს".

"მივმართავ "ოცნებაში" დარჩენილ ადამიანებს - ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები, თქვენ ხართ, გადამალული ივანიშვილი ამ დანაშაულებრივ გეგმას თქვენი ხელით ახორციელებს,
თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც [ბიძინა] ივანიშვილი შეძლებს უკანა კარიდან გაპარვას და ვერც თქვენ შეძლებთ მისკენ ხელის გაშვერას, რადგან! ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული...

მე, ჩემი მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, თხოვნით! მიუხედავად "ოცნების" ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს", - თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე საუბრის დროს გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა მისი ყოფილი თანაგუნდელების კანონპროექტზე, რომლითაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილს "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირება მოუწევთ:

"ამ გადამწყვეტ მომენტში "ოცნება" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას - გვინდა კი ევროპა, კარგია თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, მალე კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებენ ყველას, ვინც საპირისპირო აზრს გამოთქვამს".

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებაც, რომელმაც ის წლების წინ პრემიერ-მინისტრად წარადგინა.

"ჩვენი მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპული და არც პრორუსი - ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს არის მისი მთავარი მიზანი", - თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორი წლის წინ, 2021 წლის 18 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების სპეცოპერაციის დაწყებამდე დატოვა. მან თქვა, რომ მასსა და გუნდს შორის ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციები არსებობდა და თანამდებობას ამ მიზეზით ტოვებდა.

გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობას 2019 წლის 8 სექტემბერიდან იკავებდა. მის პრემიერობას წინ უძღოდა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევა - ამ დროს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. აქციის დარბევის შემდეგ აქტივისტები 3 თვის განმავლობაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით მოითხოვდნენ შს მინისტრის თანამდებობიდან მის გადადგომას, თუმცა მმართველმა გუნდმა ის დააწინაურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG