Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია ბელარუსში ლუკაშენკას შეხვდა

ფოტო არქივიდან: ასლან ბჟანია და ალიაქსანდ ლუკაშენკა
ფოტო არქივიდან: ასლან ბჟანია და ალიაქსანდ ლუკაშენკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსში იმყოფებოდა, ვიზიტის ფარგლებში ის ბელაურუსის ავტორიტარ ლიდერს ალიაქსანდ ლუკაშენკას შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებსაიტის თანახმად „სახელმწიფოს მეთაურებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“.

ბელარუსიდან ბჟანია მოსკოვში დაბრუნდება და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრს განაგრძობს.

ბჟანიას ვიზიტის შესახებ მინსკს ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა თბილისში.

ოკუპირებული აფხაზეთს დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა. ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ის შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან“. პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ცნობაში ნათქვამი არ იყო.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 16 თებერვალს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "პუტინის გრაფიკში არ არის შეხვედრა აფხაზეთის პრეზიდენტთან".

გასული წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარ უცნობი ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

მომდევნო დღეს, გასული წლის 29 სექტემბერს, პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის პრესკონფერენციიდან ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის ავტორიტარ მმართველს, ალიაქსანდ ლუკაშენკას, სოჭში გამართულ შეხვედრაზე, მინსკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი არ განუხილავთ.

ლუკაშენკას არაოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რეაგირება იქნება უმკაცრესი.

საქართველოს პირველმა პირებმა ლუკაშენკას არაოფიციალურ ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პუტინისა და ლუკაშენკას პორტრეტები დაწვეს.

  • 2021 წლის 9 აგვისტოს ლუკაშენკამ თქვა, რომ ბელარუსი ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, როცა „უკანასკნელი რუსი ოლიგარქი“ იქ პროდუქტების მიწოდებას დაიწყებს. მანავე დაამატა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამს, მიუხედავად იმისა, რომ „ბევრი რამ აკავებს“.
  • ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების სიგნალებს.
  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
  • 30 აგვისტოს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინაში ომის შემდეგ. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.
  • საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

​
XS
SM
MD
LG