Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომზე პასუხისმგებლობა კიევს და დასავლეთს დააკისრა


რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალური კრებისადმი დღევანდელი მიმართვა დაიწყო უკრაინით, რომელიც კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე კვლავ დაადანაშაულა ნეონაციზმსა და რუსოფობიაში.

პუტინმა გაიმეორა უარგუმენტოდ ადრეც არაერთხელ ნათქვამი, რომ "კიევის რეჟიმი" ჩაგრავდა დონბასის რუსულენოვან მოსახლეობას, რომ დონბასი 2014 წლიდან ელოდებოდა რუსეთის დახმარებას და რომ დასავლეთი დიდი ომისთვის ამზადებდა კიევს, რომელიც აპირებდა დარტყმას არა მხოლოდ დონბასზე, არამედ ყირიმზეც. როგორც პუტინმა თქვა, ომი გააჩაღა დასავლეთმა, რუსეთი კი, ძალას იყენებს რათა ომი შეაჩეროს.

რუსეთის პრეზიდენტმა მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე პასუხისგებლობა დააკისრა დასავლეთს და „კიევის რეჟიმს“, რომელსაც პუტინის თქმით, უკრაინელი ხალხი არ აინტერესებს. მისივე განცხადებით, დასავლეთი აპირებს ლოკალური კონფლიქტი გლობალური დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანოს. პუტინის თანახმად, დასავლეთის მიზანია რუსეთს მოსწყვიტოს "ისტორიული ტერიტორიები, რომლებსაც დღეს უკრაინას უწოდებენ".

როგორც პუტინმა თქვა, ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, ამიტომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სულ უფრო აგრესიული საინფორმაციო შეტევა, მუდმივი ტყუილებით და თავდასხმებით რუსულ კულტურასა და ეკლესიაზე.

  • რუსეთის ფედერალური კრებისადმი პრეზიდენტ პუტინის მიმართვა წინ უძღვის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავს, 24 თებერვალს.
  • ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში რუსულმა არმიამ ვერ შეძლო სრული კონტროლის დამყარება უკრაინის ვერცერთ რეგიონზე.
  • დასავლეთის სახელმიწოფები უკრაინას უწევენ მასშტაბურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და რუსეთის პოტენციალის შესაზღუდად აამოქმედეს მასშტაბური სანქციები.
XS
SM
MD
LG