Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხუნდაძე: ომმა ყველაფერი კარგად წარმოაჩინა... ევროპა შეცდომას შეცდომაზე უშვებს


დიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, ევროპას ახალგაზრდების იმედების გაცურებაში ადანაშაულებს. მან პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მომენტში ევროპა უსამართლოა.

"იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ვიხილეთ ყველაზე უსამართლო, არაევროპული ევროპა. როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იმედით შეჰყურებენ ევროპულ პერსპექტივას, ამ დროს ევროპელი დეპუტატები ანადგურებენ მათ იმედებს...

ევროკავშირი თავისი დაარსების დღიდან პირველად დადგა ასეთი გამოცდის წინაშე და პირველადვე ვერ გაუძლო და ეს უფრო ღრმა დეპრესიას ჰგავს, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია, მხოლოდ არა სამარცხვინო რეზოლუციებით [ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე] და ორმაგი სტანდარტებით, არამედ საკუთარი ღირსების წარმოჩინებით და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებით", - თქვა "ხალხის ძალის" ლიდერმა.

მანვე ისაუბრა მისი ავტორობით პარლამენტში შეტანილ კანონპროექტზე, რომლითაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს "უცხოური გავლების აგენტებად" დარეგისტრირების ვალდებულება აქვთ.

"საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თურმე რუსეთუმეობა ყოფილა, გამჭვირვალობა - დემოკრატიის საფრთხე. იმას, რასაც დასავლეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის დიდი ხანია იყენებს, საქართველოსთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი ყოფილა. ომმა ყველაფერი კარგად წარმოაჩინა - წარსულიც და დღევანდელობაც, მომავალი კი ბუნდოვანია. რუსეთი უფრო აგრესიულად, ევროპა კი დეპრესიულად გამოიყურება და შეცდომას შეცდომაზე უშვებს...

მინდა მჯეროდეს, რომ ევროპა შეძლებს ძველი ღირებულებების დაბრუნებას და სხვა სახელმწიფოებთან სამართლიანობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მათგანაც მოუწევს თავის დაცვა", - თქვა დეპუტატმა.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

XS
SM
MD
LG