Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხალხის ძალა" გეგმავს ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებას


„ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
„ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა იგეგმება. როგორც ხუნდაძე ამბობს, ის იქნება ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანი. დეპუტატის განმარტებით, „ხალხის ძალის" მომზადებული პირველი კანონპროექტი ამერიკულ ვარიანტთან შედარებით, ლიბერალურია

„ხალხის ძალამ“ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინიცირება გავუკეთოთ, ახალ ალტერნატიულ კანონპროექტს „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“. ეს არის სუფთა ამერიკული ანალოგი და ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ პირდაპირ თარგმანს და დავაინიცირებთ კანონპროექტს. ამისთვის დაგვჭირდება ერთი-ორი დღე.

თავიდან, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება „ხალხის ძალის“ დეპუტაციამ, რომ ამ შინაარსის კანონი წარგვედგინა, ჩვენ ის გავაცანით უმრავლესობის ლიდერს [ირაკლი კობახიძეს] და ამ შეხვედრას ესწრებოდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც [მამუკა მდინარაძე].

ჩვენ გვქონდა თავიდანვე შეთავაზება, რომ წარგვედგინა პარლამენტისთვის პირდაპირი ანალოგი ამერიკული ვარიანტისა, მაგრამ მათ მიერ იყო წინადადება, რომ უფრო ლიბერალური კანონი განგვეხილა და არა პირდაპირ ამერიკული კანონპროექტი წარგვედგინა განსახილველად.

ჩვენ მივიღეთ მათი შემოთავაზება და ავიღეთ უფრო ლიბერალური, რომელიც ეფუძნებოდა ამერიკულ კანონმდებლობას", - განაცხადა ხუნდაძემ.

„ხალხის ძალის" წევრი ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირების მიზეზად „აქტიურ სპეკულაციებს" ასახელებს.

„ჯერ საკომიტეტო მოსმენები არ დაწყებულა, მაგრამ დაიწყო აქტიური სპეკულაციები ამის გარშემო, რომ თითქოს ის არის რუსული კანონის ანალოგი. არავითარი საერთო მასთან არ აქვს", - თქვა ხუნდაძემ.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის წევრებს ორი კანონპროექტიდან არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.

განახლება

მოგვიანებით, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ხალხის ძალის" ალტერნატიულ კანონპროექტის შესახებ თქვა, რომ დიდი ალბათობით, მმართველი პარტია მას მხარს არ დაუჭერს.

„ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება", - მამუკა მდინარაძის კომენტარს „პირველი არხი" ავრცელებს.

მდინარაძე კანონპროექტის თემაზე „ხალხის ძალის" წევრებთან შეხვედრას ადასტურებს. „მართლაც იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე პოზიცია, რომ სურდათ ამერიკული ვარიანტის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბების და მორიდების გარეშე და ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მგონია, რომ მართლაც დააზიანებს „ენჯეოსექტორის" ინტერესებს და ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. თუ უნდოდათ მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ, მათ ეს გააკეთეს, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი რამხელა ამბავი ატყდა. მგონია, რომ ცოტა ზედმეტია სიბრაზე, თუ ნებისმიერს, ვინც თქვა, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობა, ემოციებით და თქვეს, მოდი, დავაკოპიროთ, პირდაპირ შემოვიტანოთ ეს რეგულაციები, მე ეს მთლად სწორი არ მგონია. ამიტომ, მე წინასწარვე ვაცხადებ, რომ ჩვენი ფრაქციის მხარდაჭერა ვერ ექნება ამერიკულ კანონპროექტს, რადგან მართლაც, როგორც რუსულ ვარიანტში, ასევე ამერიკულ ვარიანტში არის მთელი რიგი უმკაცრესი, უხისტესი შეზღუდვები, რაც მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არ უნდა მუშაობდეს და არ იმუშავებს".

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა, მისი მოქმედების არეალი დავიწროვდა და ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს შეეხება.

საქართველოში შემუშავებული კანონი არ არის აშშ-ში მოქმედი კანონის მსგავსი, ის ჰგავს რუსულ კანონს, თქვა 20 თებერვალს საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ხალხის ხალის" პირველი კანონპროექტის შესახებ.

„ეს კანონი არის მაგალითი, რატომაც ვსაუბრობთ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე“, - განაცხადა შაჰინმა სენატორ დიკ დურბინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"), რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა - "ხალხის ძალამ" მოამზადა, ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული. 300-მდე არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დაუცველი დარჩეს მოწყვლადი ჯგუფები.

XS
SM
MD
LG