Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი New START-ში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების თაობაზე


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს სახელმწიფო დუმაში შეიტანა კანონპროექტი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებაში (New START) რუსეთის მონაწილეობის შეჩერების თაობაზე. ოთხშაბათს ის დეპუტატებს წარედგინება განსახილველად და მოსაწონებლად გაეგზავნება ფედერაციის საბჭოს, განაცხადა დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

ვოლოდინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეპუტატები „გადაუდებლად“ მიიღებენ გადაწყვეტილებას დოკუმენტთან დაკავშირებით. მისი უარყოფის შესაძლებლობას არც კი ვარაუდობენ.

პუტინმა სამშაბათს ფედერალური შეკრების წინაშე გამოსვლისას გამოაცხადა, რომ რუსეთი გადის ხელშეკრულებიდან. ამასთან, დოკუმენტი არ ითვალისწინებს მისი მოქმედების დროებით შეჩერებას. პუტინის სიტყვებით, მოსკოვი არ დატოვებს ხელშეკრულებას, მაგრამ არც დაიცავს მას. თეორიულად ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთს შეეძლება, შეუზღუდავად გაზარდოს საკუთარი ბირთვული არსენალი. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო მზად უნდა იყოს ხელშეკრულებით აკრძალული ბირთვული გამოცდების ჩასატარებლად.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს, დაიცვას ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვები. გარდა ამისა მოსკოვი გეგმავს, გააგრძელოს ვაშინგტონის ინფორმირება სწავლების დროს ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ.

ზოგიერთი ექსპერტი შენიშნავს, რომ რუსეთს არ შეუძლია ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვებიდან გასვლა. ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება რაკეტა „სარმატის“ სერიული წარმოება, რაც არ მოხდება 2026 წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG