მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პარლამენტში უთხრა, რომ "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") მიღების შემდეგ ევროკავშირი ამ დაფინანსების გაცემაზე უარს იტყვის.
"გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური მიზნით ნაკარნახევი, შეიძლება იყო არაკეთილშობილური მიზნით. არის გარკვეული საკითხები, რაზეც შეიძლება, თუნდაც, ჩვენ პარტნიორებს არ ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია. მაგალითად, იგივე, ევროკავშირი ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ, მეორე ხელით აფინანსებს პოლარიზაციას. ასეთი შემთხვევებიც არის.
როდესაც ეს ამოვარდება და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას ამაზე, უკვე შესაბამის სტრუქტურებს აღარ ექნებათ... ექნებათ სათანადო ინფორმაცია, რომ პოლარიზაცია აღარ დააფინანსონ..." - თქვა ირაკლი კობახიძემ და ამის მაგალითად მან სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" დაასახელა და მას პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ფრთა უწოდა.
ამ კონტექსტში მან ერთმანეთს გაუთანაბრა ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "სირცხვილია" და ღიად პრორუსული ორგანიზაციები - "ალტ-ინფო" და "პრიმაკოვის ფონდი".
"მაგალითად, "სირცხვილია", რომელიც პოლარიზაციას აღვივებს საქართველოში. მისი მთავარი დანიშნულება არის პოლარიზაციის გაღვივება. ესაა "ნაციონალური მოძრაობის" ექსტრემისტული ფრთა და პირდაპირ ევროკავშირის წყაროდან იღებს ეს ორგანიზაცია დაფინანსებას...
პრობლემა ისაა, როდესაც გარედან ხდება პოლარიზაციის დაფინანსება: ერთ მხარეს არის სირცხვილია, მეორე მხარეს ალტ-ინფო, მესამე მხარეს პრიმაკოვის ფონდი, მეოთხე მხარეს სხვა ორგანიზაცია. მათი დაფინანსება ხდება უცხოური წყაროებიდან", - დასძინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".
"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.