Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეოზდენტი სასამართლო პროცესზე ვიდეოზარით ჩართვისას, 1 თებერვალი, 2023 წელი.
მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეოზდენტი სასამართლო პროცესზე ვიდეოზარით ჩართვისას, 1 თებერვალი, 2023 წელი.

კლინიკა „ვივამედის" ექიმების პრესკონფერენციას წერილობით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ კლინიკაში მკურნალობს. როგორც ის აცხადებს, ამ კლინიკაში უარი თქვეს მისი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე.

„კლინიკა „ვივა-მედის" ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი.

ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე.

არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე!

მინდა მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს.

მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას 1 მილიონი კი არა 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯებისთვის დასაფარად.

სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში.

ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ „პარლამენტარები", „ჟუნალისტები" ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს,

არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება", - სააკაშვილის სახელით განცხადება „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკა ვერ გასცემს რეკომენდაციას მსჯავრდებული პაციენტის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სხვა კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით.

კლინიკაში დღეს, 22 თებერვალს სააკაშვილის მკურნალ ექიმთან თამარ დავარაშვილთან და ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგთან სოფო მებუკესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჩხაიძემ, თქვა, რომ კლინიკა მსოფლიოში მიღებული თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს სთავაზობს პაციენტს.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

XS
SM
MD
LG