Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ემისართან შეხვედრის შემდეგ პუტინი ლუჟნიკის საზეიმო ღონისძიებაზე გამოვიდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის საგარეო ურთიერთობების ცენტრალური უწყების დირექტორი ვან ი. მოსკოვი, 2023 წ. 22 თებერვალი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის საგარეო ურთიერთობების ცენტრალური უწყების დირექტორი ვან ი. მოსკოვი, 2023 წ. 22 თებერვალი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოთხშაბათს გამოვიდა დიდ მიტინგზე მოსკოვის ლუჟნიკის სტადიონზე. ღონისძიება ეძღვნება „მამულის დამცველის დღეს“, რომელიც 23 თებერვალს აღინიშნება.

მიტინგამდე ერთი დღით ადრე პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოვიდა. თავის სიტყვაში მან სხვათა შორის გამოაცხადა აშშ-სთან სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებაში (ახალი START-ი) რუსეთის მონაწილეობის შეჩერების თაობაზე.

ლუჟნიკის სტადიონზე პუტინის გამოსვლა ხანმოკლე იყო. მან განაცხადა, რომ დღეს, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს (ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომს), მამულის დამცველია რუსეთის ყველა მოქალაქე, ბავშვიც კი. მისი თქმით, რუსეთის სამხედროები ფრონტზე „სამშობლოს და ოჯახს“ იცავენ. პუტინთან ერთად სცენაზე იმყოფებოდა რამდენიმე სამხედრო, რომელიც უკრაინაში ბრძოლებში მონაწილეობისთვის დააჯილდოვეს.

ლუჟნიკიში გამოსვლამდე პუტინი კრემლში შეხვდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს, ვან ის.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვში მოელიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარისა და ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელის, სი ძინპინის ვიზიტს. მან ჩინეთის ლიდერს თავისი მეგობარი უწოდა. ვან ის არ უსაუბრია სი ძინპინის ვიზიტსა და მის ვადებზე. ჩინეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები „სტაბილურად“ ვითარდება და მათზე „გავლენას ვერ ახდენს მესამე ქვეყნების ზეწოლა“.

მანამდე ვან ი მონაწილეობდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელზეც შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. სახელმწიფო მდივანმა გამოხატა შიში, რომ პეკინმა შესაძლოა დაიწყოს რუსეთისთვის იარაღისა და სამხედრო მასალების მიწოდება. ვან იმ უარყო ასეთი გეგმები. მან განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სამშვიდობო ინიციატივით ჩინეთი გამოვა.

კომენტატორებმა აღნიშნეს, რომ პუტინმა ვან ის უმასპინძლა ცნობილ „გრძელ მაგიდასთან“, რომელთანაც ის შარშან შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს. მაგრამ ამჯერად პუტინი თავისი სტუმრისგან ნაკლებ დაშორებაზე იჯდა.

XS
SM
MD
LG