Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციომაც გაამართლა კახელი ბიზნესმენი, რომელიც პოლიციას იარაღის "ჩადებაში" ადანაშაულებს


კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი
კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და კახელი ბიზნესმენი, ლევან ბიძინაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ბიზნესმენი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარების ბრალდებით 2021 წლის 4 დეკემბერს დააკავეს და 8 თვე პატიმრობაში გაატარა.

გამამართლებელი განაჩენი, რითაც პროკურატურის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსამართლე ვეფხია ლომიძემ დღეს, 23 თებერვალს გამოაცხადა.

ლევან ბიძინაშვილი დაკავების მომენტიდან აცხადებდა, რომ მას პოლიციამ იარაღი ჩაუდო. რამდენიმე თვის წინ, სიღნაღის სასამართლოში გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე “რადიო თავისუფლებამ” ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა.

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყოლილი იყო, როგორ “იკერება” საქმე და როგორ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ადამიანი ციხეში, თუკი რამდენიმე პოლიციელი ჩვენებას მისცემდა და პროკურატურა მას დაეყრდნობა.

"დაახლოებით 1 წელი მიდიოდა ამაზე ლაპარაკი, მომიგზავნეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსს და მის მეგობრებს კახეთში სჭირდებოდათ 200 ჰექტარი მიწა და მე უნდა გავწეულიყავი იმ 70 ჰექტარიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჩემმა მეუღლემ 49-წლიანი იჯარა მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი მამისგან.

მე უნდა გავჩუმებულიყავი და გავწეულიყავი, რაზეც არ დავთანხმდი, შემომითვალეს, თუ არ გავიწეოდი, დავისჯებოდი და შემოთვლიდან მალევე ეს გამიკეთეს. იარაღი სიღნაღის პოლიციის უფროსის [ლევან მაისურაძის] დავალებით ჩამიდეს, პირადად ხელმძღვანელობდა და პირადად დამიჭირა", - ამბობდა პატიმრობაში მყოფი კახელი ბიზნესმენი რამდენიმე თვის წინ.

ლევან ბიძინაშვილი რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ ის წნორიდან სახლში, სოფელ ტიბაანში ბრუნდებოდა, როდესაც ცენტრალურ გზაზე პოლიციის პიკაპმა ფარები აუნთო და ანიშნა შეჩერებულიყო. მას შემდეგ, რაც სავალი გზიდან გადავიდა და ავტომანქანა შეაჩერა, რამდენიმე პოლიციელი მივარდა და მერსედესიდან პოლიციის პიკაპში გადასვეს.

დაცვის მხარის განმარტებით, ბიზნესმენის მანქანის საჭესთან პოლიციელი დაჯდა. ორივე ავტომანქანა ცენტრალური გზიდან გრუნტის გზაზე გადაიყვანეს და ვენახებთან მინდორში გააჩერეს. შემდეგ პიკაპიდან გადმოიყვანეს, წელზე იარაღი მიადეს და ამავე იარაღის ამოღების ინსცენირება გააკეთეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG