Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეუთავსებელია ევროკავშირისკენ სწრაფვასთან“ - ევროპელები "გავლენის აგენტებზე" პროექტს დამაზიანებლად მიიჩნევენ


შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი
შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი

ევროპელი დიპლომატები გმობენ „უცხოური გავლენის აგენტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომლის ინიციირებაც პარლამენტში „ხალხის ძალის“ დეპუტატების ავტორობით მოხდა.

შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი ტვიტერზე წერს, რომ კანონპროექტი „შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან და ასევე, ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვასთან“.

გამოქვეყნებულ განცხადებაში შვედი დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიის, განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველია“ და „მათ კვლავაც ექნებათ შვედეთის სრული მხარდაჭერა“.

შვედეთი, 2023 წლის პირველი იანვრიდან, 6 თვით, ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ულრიკ ტიდესტრომს ტვიტერზე გაზიარებული აქვს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ - „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ და ასევე „არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.

„კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“, - წერია ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში.

25 თებერვალს, სადავო კანონპროექტის შესახებ ტვიტერზე განცხადებას აქვეყნებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„ნორვეგია შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს. ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ვკითხულობთ ტექსტში. იქვე ხაზგასმულია, რომ პროექტის დაკანონება „უარყოფითად აისახება ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე“. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს საქართველოში, რომ იმოქმედონ დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე.

25 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის ცნობილია საერთაშორისო პარტნიორების წუხილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით; თუმცა გამჭვირვალობა აუცილებელია და სადავო საკითხებზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს გაგრძელდება.

შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ „საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ინტერესები არსებობს, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში და მიღებაში“.

XS
SM
MD
LG