Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: პუტინი მიხვდა, რომ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შეუძლია უკრაინაში რუსეთის ძალების კონტროლი


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვალერი გერასიმოვთან (მარცხნივ) და სერგეი შოიგუსთან (მარჯვნივ) ერთად.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვალერი გერასიმოვთან (მარცხნივ) და სერგეი შოიგუსთან (მარჯვნივ) ერთად.

სამობილიზაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს უფლება მისცა, კონტროლი აღადგინოს უკრაინაში რუსეთის მთელ შეიარაღებულ ძალებზე. ამის შესახებ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები წერენ მორიგ ანგარიშში.

„როგორც კი 300 ათასი მობილიზებულის ძირითადი ნაწილი უკრაინაში ჩავიდა, პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უფლება მისცა, დაიმკვიდროს თავისი წამყვანი როლი", - წერენ ისინი.

ISW ჩამოთვლის მოვლენებს, რომლებიც მოხდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან: 11 იანვარს პუტინმა ვალერი გერასიმოვი დანიშნა სამხედრო მოქმედებების სარდლად; თავდაცვის სამინისტრომ აქტიურად დაიწყო თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ჯარების ინტეგრირება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში; სამხედრო უწყება ასევე ცდილობს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ შეუზღუდოს ამუნიციის მიწოდება და შეაჩერა კომპანიის მებრძოლთა დაკომპლექტება პატიმრებით.

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო განიხილავს „სამხედრო კორესპონდენტების“ საქმიანობის შეზღუდვას და დისციპლინის ახალი წესები შემოაქვს. ყველა ეს ზომა ნაწილია ნაჩქარევი მცდელობისა, აღმოიფხვრას პუტინის მიერ 2022 წლის მაისში ძალდატანებით მობილიზაციაზე უარით გამოწვეული შედეგები.

„პუტინის აშკარა მცდელობა, ხალხი ხანგრძლივი ომისთვის მოამზადოს, იმას მეტყველებს, რომ ის მიხვდა, რომ მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალუძს შეინარჩუნოს მსხვილი მექანიზებული ძალები, რაც მას იმისთვის სჭირდება, რომ უკრაინაში თავისი ამბიციების რეალიზაციის რაიმე იმედი მაინც ჰქონდეს“, - ასკვნიან ISW-ს ექსპერტები.

XS
SM
MD
LG