Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსილიუმის შეფასებით,  სააკაშვილის სხეულის დაზიანება გამოიწვევს „ლეტალურ  გამოსავალს მაღალი ალბათობით"


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"

სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის შესახებ კონსილიუმის ბოლო ვიზიტის შედეგები.

სახალხო დამცველის მიერ მიწვეულ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაფასებლად კლინიკა "ვივამედში" 19 თებერვალს იმყოფებოდა.

სააკაშვილის მდგომარეობს შესახებ ექიმ-ექსპერტების დასკვნაში ვკითხულობთ:

"საგრძნობი დამძიმება 4 დეკემბრის (ბოლო ვიზიტი პაციენტთან) შემდეგ.

ობიექტური გამოკვლევით:

გამოხატულია მძიმე სარკოპენია.

პაციენტმა დაიკლო კიდევ 5.7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.

წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-იდან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება

შთაბეჭდილება:

1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია.

2. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

პროგნოზი და რისკები:

1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.

შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.

ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

2. გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.

ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით".

როგორც განცხადებაშია განმარტებული, სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ: „19 თებერვალს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაგეგმილი ჰქონდათ პაციენტის გასინჯვა და მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა. მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური გასინჯვა მოხერხდა, ხოლო, სამედიცინო მასალების ადგილზე მოწოდება, სამწუხაროდ, კლინიკამ ვერ უზრუნველყო არასამუშაო დღის გამო. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა სრული სამედიცინო მასალები 2022 წლის 4 დეკემბრიდან (ექსპერტთა ბოლო ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან) ამ დრომდე და მასალების გაცნობას ექსპერტთა ჯგუფი განახორციელებს დამატებით.

სახალხო დამცველის აპარატი და ექსპერტთა ჯგუფი უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის დოკუმენტურ მონიტორინგს ინტენსიურად გააგრძელებს".

19 თებერვლის ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გრიგოლ ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი) და ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი). ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინდისკუსიებში მონაწილეობა ასევე მიიღო გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი).

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

  • გიორგი გრიგოლია
  • გრიგოლ ხურციძე
  • გიორგი კაჭარავა
  • გიორგი პაპიაშვილი
  • თენგიზ წულაძე
  • ნინო ზავრაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.

XS
SM
MD
LG