Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა სტივენ სიგალი "მეგობრობის ორდენით" დააჯილდოვა


ვლადიმირ პუტინი და სტივენ სიგალი. 2015 წლის 4 სექტემბერი
ვლადიმირ პუტინი და სტივენ სიგალი. 2015 წლის 4 სექტემბერი

ამერიკელმა მსახიობმა სტივენ სიგალმა, რომელიც 2016 წლიდან რუსეთის მოქალაქეა, ჯილდო მიიღო აშშ-სთან და იაპონიასთან "კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის" გაღრმავებისთვის. ვლადიმირ პუტინის ბრძანება რუსეთის სახელისუფლებო ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

7 წლის წინ სტივენ სიგალს რუსული პასპორტი პირადად პრეზიდენტმა გადასცა. 2018-ში კი ის გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აშშ-სთან და იაპონიასთან ურთიერთობებში. მისი ამოცანაა, გააძლიეროს კულტურული კავშირები და დააკავშიროს ერთმანეთს ახალგაზრდა ხელოვანები. კრემლის მტკიცებით, ის სანაცვლოდ გასამრჯელოს არ იღებს.

17 თებერვალს სიგალი თავის უშუალო უფროსს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. უწყებამ მაშინ დაწერა, რომ "მსოფლიოში გამწვავებული კონფრონტაციის გათვალისწინებით, ახლა განსაკუთრებით აუცილებელია არასამთავრობო დონეზე [ქვეყნებს შორის] კონტაქტის შენარჩუნება".

სტივენ სიგალი ვლადიმირ პუტინს დიდი ხანია ემეგობრება. ორივე 1952 წელსაა დაბადებული და ორივეს აქვს შავი ქამარი იაპონურ საბრძოლო ხელოვნებებში. პუტინი ძიუდოს ოსტატია, სიგალი - აიკიდოს. მსახიობი მოქალაქეობის მიღებამდეც არაერთხელ იყო რუსეთში. ნამყოფია ანექსირებულ ყირიმში ბაიკერების ულტრამემარჯვენე ჯგუფთან, "ღამის მგლებთან, ერთად.

სიგალს მაყურებლები მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით იცნობენ. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია 1992 წლის "Under Siege" (ალყაში). ფილმში ის სამხედრო მზარეულის როლს ასრულებს, რომელიც ბირთვული რაკეტებით დატვირთულ ხომალდს გადაარჩენს ტერორისტებისგან. მისი ბოლო ფილმი გამოვიდა 2019 წელს. კინოპორტალ IMDB-ზე იგი შეფასებულია 3,7 ქულით, 10-დან. მაყურებლების და კრიტიკოსების გული უკანასკნელ წლებში მისმა ვერც ერთმა ფილმმა ვერ მოიგო.

"სტივენ სიგალის ერთადერთი ადამიანური ქმედება ისაა, რომ დასავლეთში ფილმების გაკეთება შეწყვიტა", - დაწერა ტვიტერზე ამერიკელმა ისტორიკოსმა იან გარნერმა.

XS
SM
MD
LG