Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში გლოვა გამოცხადდა სარკინიგზო კატასტროფისას ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო


ქალაქ ლარისასთან მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის ადგილი. 2023 წლის 1 მარტი
ქალაქ ლარისასთან მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის ადგილი. 2023 წლის 1 მარტი

საბერძნეთში 36-მდე გაიზარდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ჰოსპიტლებში რჩება 66 დაშავებული, მათგან 6 რეანიმაციაშია. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან კატასტროფის რაიონში, ქალაქ ლარისასთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 1-3 მარტი გლოვის დღეებად გამოაცხადა. მიცოტაკისი კატასტროფის რაიონში გაემგზავრა.

საბერძნეთს სამძიმარი გამოუცხადეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა და თურქეთმა.

28 თებერვალს, ღამით, ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს შეეჯახნენ ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი და სალონიკიდან ლარისაში მიმავალი სატვირთო მატარებელი. ისინი ერთმანეთის პირისპირ ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდნენ. საბერძნეთის რკინიგზის კომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელში იმყოფებოდა 342 მგზავრი და კომპანიის 12 თანამშრომელი.

საბერძნეთის მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალი უკვე წაუყენეს სარკინიგზო სადგურის უფროსს.

შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. თესალიის რეგიონის გუბერნატორმა კონსტანტინოს აგორასტოსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ორი ვაგონი თითქმის მთლიანად განადგურდა. ცეცხლს 150-მდე მეხანძრე აქრობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში 150 მაშველთან ერთან პოლიციელებიც მონაწილეობენ. 200-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც კატასტროფას გადაურჩნენ და არც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, სალონიკამდე ავტობუსებით ჩაიყვანეს.

XS
SM
MD
LG