Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გადმოიყვანეს ცხინვალში დაჭრილი ბავშვი


ფოტო შემთხვევის ადგილიდან
ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ოკუპირებულ ცხინვალში სამშაბათს დაჭრილი ბავშვი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. რადიო თავისუფლებას "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში" დაუდასტურეს, რომ დაჭრილი ბავშვი წუხელ, ღამის 3 საათზე, ორ თანმხლებ პირთან ერთად რეანიმობილით გამოიყვანეს. მანამდე მას ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „რესს“ ადგილობრივი საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგმა ლუიზა ჯიოევამ უთხრა, რომ მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია.

"ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ის გონს მოვიდა და შოკის მდგომარეობიდან გამოვიდა. წუხელ, ყველა საჭირო დახმარების შემდეგ, მეზობელ სახელმწიფოში გადაიყვანეს", - განაცხადა ჯიოევამ.

მისივე თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას ბიჭის მდგომარეობა მძიმე იყო, ჰქონდა მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, დაზიანებული იყო ღვიძლი და ნაწლავები, გარდა ამისა, მოტეხილი ჰქონდა მარჯვენა წინამხრის ძვლები.

28 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში, საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს ახალგაზრდა კაცს. ის ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. დაიჭრა მოკლულის 5 წლის შვილი, რომელიც თავდაპირველად ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობა ისაკ ხარებოვის ქუჩაზე, პურკომბინატთან მოხდა. მოკლული ცხინვალის მცხოვრები, 36 წლის რიჩარდ მამიევია. მკვლელობის შემდეგ მილიციამ გააძლიერა კონტროლი ე.წ საზღვრებზე.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში დე ფაქტო შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილიციის განყოფილებაში მკვლელობის აღიარებით გამოცხადდა ხარებოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "რესს" დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი გაზაევმა მიაწოდა.

„მსროლელის ვინაობა დადგენილია, ეს არის ცხინვალის მკვიდრი ანდრეი ხუგაევი, რომელიც ნებაყოფლობით ჩაბარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი თქმით, მკვლელობის მიზეზი მტრული ურთიერთობები იყო", - განაცხადა გაზაევმა.

დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში" განაცხადეს, რომ ბავშვი გამოჯანმრთელებამდე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დარჩება და ამის შემდეგ ისევ "წითელი ჯვრის" დახმარებით გადაიყვანენ ცხინვალში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG