ლაგოდეხში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 33 წლის კაცი ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაგოდეხში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა, საიდანაც სხვადასხვა ნივთი და ფული მოიპარა. პოლიციელებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე 28 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. ავტომანქანები სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებლის ეზოში იყო დაყენებული.