Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულენოვან ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე ცოტნე ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნეს


სამოქალაქო აქტივისტი ცოტნე ჯაფარიძე.
სამოქალაქო აქტივისტი ცოტნე ჯაფარიძე.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 1 მარტს გამართულ სხდომაზე მაგისტრატმა მოსამართლე რეზო ნადოიმ გუდაურში რუსულენოვან ტურისტებთან სამოქალაქო აქტივისტის, ცოტნე ჯაფარიძის დაპირისპირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

„ცოტნე ჯაფარიძე ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის [წვრილმანი ხულიგნობა] პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გამოეცხადოს სიტყვიერი გაფრთხილება", - განაცხადა მოსამართლემ.

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. მუხლი 173.] ნაწილში სასამართლომ საქმისწარმოება შეწყვიტა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ პროცესის შემდეგ ილაპარაკა ცოტნე ჯაფარიძემ. „ეს გადაწყვეტილება იყო ლოგიკური, იმიტომ რომ მტერს და ოკუპანტს (სასამართლოზე, რაც ვთქვი, იგივეს ვიმეორებ) ვერ ექნება იმის უფლება, რომ აქ რაღაც ზღვარგადასულად მოიქცნენ, შეურაცხყოფა მოგვაყენონ და გვაიძულონ რუსულად ვილაპარაკოთ, მათი მოსამსახურე პერსონალი ვიყოთ. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ამას არ უნდა მოჰყოლოდა არანაირი ზედმეტი სამართალგართულება. მოსამართლე შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით. პრინციპში ამას არ ვეთანხმები. სიტყვიერი გაფრთხილებაც არ უნდა იყოს ამაზე - ოკუპანტი ქვეყნის მიმართულებით რაღაც სიტყვების თქმა დასჯადი არ უნდა იყოს“, - უთხრა „ფორმულას" სამოქალაქო აქტივისტმა.

ჯაფარიძის საქმე ეხება გუდაურში 9 თებერვალს მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ცოტნე ჯაფარიძე ჰყვებოდა, რომ მას გუდაურში რუსებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მიზეზი იყო ოკუპანტი, რუსები, რომლებმაც სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. ამის შემდეგ მოხდა ჩემი დაკავება, იმიტომ რომ პოლიციასთან საუბრის დროს ვცდილობდი ამ ყველაფრის დამტკიცებას და ახსნას, რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა რუსების აქ შემოსვლით, იმით, რომ მათ დისკომფორტს არ ვუქმნით და ყველაფერს ვუტარებთ. სამწუხაროდ, პოლიციელების დიდი ნაწილის პოზიცია ის იყო, რომ ყველა რუსი რუსი არ არის, ყველა ოკუპანტი არ არის ოკუპანტი, ეს კურორტია, ხალხი ჩამოდის დასასვენებლად და დებოშის მოწყობა არ შეიძლება".

15 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე იმ პოლიციელებმა მისცეს ჩვენება, რომლებიც ინციდენტის დროს გუდაურში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ვერ შეძლეს რუსულად მოსაუბრე პირებთან გასაუბრება. „ჩვენი მხრიდან ადგილზე ვერ მოხერხდა იმ პირებთან გასაუბრება, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ", - თქვა მან.

ცოტნე ჯაფარიძის ადვოკატი გიორგი ტაბატაძე აცხადებდა, რომ „პოლიციელებმა არ გამოიკვლიეს საქმე სრულად და არც კი დაკითხეს რუსები, მათი ვინაობაც კი არ დაადგინეს. რეალურად ეს არის ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ იგინებოდნენ, მათ შორის პოლიციის თანდასწრებით. ისინი სამართალდარღვევას სჩადიოდნენ უშუალოდ პოლიციის თანდასწრებით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG