Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკი: ბრიანსკში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შეჭრაზე ცნობა რუსული პროვოკაციაა


მიხაილო პოდოლიაკი
მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მაღალი რანგის წარმომადგენელმა უარყო რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინული დივერსიული ჯგუფი შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე და მძევლები აიყვანა.

რუსეთის მედიას 2 მარტს მოჰყავს ფსბ-ს წარმომდგენელთა გაცხადებები, რომ ჯგუფმა, რომელსაც კრემლი „უკრაინელ ტერორისტებს“ უწოდებს, რუსეთის ბრიანსკის ოლქში შეაღწია, თავს დაესხა რამდენიმე სოფელს და მძევლები აიყვანა. ამ ცნობების თანახმად, მიმდინარეობს ბრძოლები.

ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, განაცხადა, რომ რუსეთი თვითონ აწყობს პროვოკაციას, რათა გაამართლოს უკრაინაში მიმდინარე ომი.

„რუსეთის ფედერაციაში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შესახებ ცნობა კლასიკური გამიზნული პროვოკაციაა“, - დაწერა მან ტვიტერში.

„რუსეთს სურს, საკუთარი ხალხი დააშინოს, რათა გაამართლოს ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმა და მზარდი სიღატაკე ომის ერთი წლის შემდეგ. პარტიზანული მოძრაობა რუსეთში ძლიერდება და უფრო აგრესიული ხდება“, - დასძინა მან.

სოციალურ ქსელებში დღეს გამოჩნდა ბრიანსკის რაიონის სოფელ ლიუბეჩანში ადგილობრივი ფოსტისა და სამედიცინო-სამეანო განყოფილების ფონზე გადაღებული ვიდეო. მასში ჩანან კამუფლირებულ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები. ისინი აცხადებენ, რომ არიან "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" მებრძოლები, რომლებმაც გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის საზღვარი, რათა "გაათავისუფლონ თავიანთი მშობლიური მიწა." ისინი აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეზე ებრძვიან ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და არა მშვიდობიან მოსახლეობას.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“, სავარაუდოდ, რუსი ემიგრანტებისგან დაკომპლექტებული საბრძოლო ერთეულია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში შედის. უკრაინული გამოცემა Babel-ის თანახმად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ერთ-ერთი სამხედრო უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსი დენის ნიკიტინია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG