Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამით დამთავრდება ეს პარლამენტი" - არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას "უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების განხილვაზე


არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი

"გაიწვიეთ კანონპროექტი უკან, დაასრულეთ ეს თამაში საქართველოს მომავალთან. თუ თქვენ არ დაასრულებთ ამ თამაშს, ხალხი დაასრულებს ამ მმართველობას", - თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ორი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

„ეს არის საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე უარის თქმას, ნიშნავს არა მხოლოდ დასავლეთისკენ გზის ჩარაზვას, არამედ ნიშნავს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თქმას, რომ ჩვენ აღარ გვექნება ნორმალური მომავალი. ვინც მზად ხართ, რომ ამას მხარი დაუჭიროთ, დაუჭირეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ამით დამთავრდება ეს პარლამენტი, დამთავრდება ეს თავხედობა და ამას არავის არ გაგატანინებთ, იცოდეთ ყველამ. მე თქვენ ყველას კარგად გიცნობთ, ყველაფერი კარგად ვიცით, ამიტომაც იცოდეთ, რომ ეს აქ ვერ გავა. ვერ გაიტანა ვერავინ 30 წლის განმავლობაში, რომ დასდგომოდა წინ დასავლურ კურსს და თქვენც ამას არ გაგატანინებთ, გამორიცხულია. გაიწვიეთ კანონპროექტი უკან, დაასრულეთ ეს თამაში საქართველოს მომავალთან. თუ თქვენ არ დაასრულებთ ამ თამაშს, ხალხი დაასრულებს ამ მმართველობას, იმიტომ რომ ეს არის სირცხვილი და მავნებლობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

გისმინეთ, გითმინეთ, იცოდეთ, რომ თქვენ ხალხი ვეღარ მოგითმენთ, ეს არის ზღვარგადასულობა - ეს ნიშნავს ჩემი სახელმწიფოს, ჩემი სამშობლოს ინტერესების გაყიდვას და ღალატს“, - თქვა არმაზ ახვლედიანმა.

თავად კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი გურამ მაჭარაშვილი კი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც განსახილველად გამოაქვს, ამერიკული კანონის ანალოგიითაა შექმნილი იმისათვის, რომ არსებობდეს ალტერნატივა "უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების" რეგულირებისთვის.

"ხალხის ძალამ" "უცხოეთის აგენტების შესახებ" პარლამენტში ორი ინიციატივა დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური საქმიანობის რეგულირებისთვის შექმნილი კანონის თარგმანია, მეორე კი - რუსული მსგავსი დასახელების კანონის ანალოგი. "ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" ამბობენ, რომ ამგვარი კანონი საჭიროა ფინანსების გამჭვირვალობისთვის, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევენ, რომ ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და კრიტიკული ხმის "მოგუდვის" მცდელობაა.

კომიტეტების სხდომის პარალელურად სპონტანური აქცია იმართება პარლამენტის წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG