Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი და „ტაბულის" რეპორტიორი გაათავისუფლეს


„პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი
„პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი

პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულის" რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი, რომლებიც პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

„არავინ იცის იქ [პოლიციის განყოფილებაში] რატომ დამაკავეს. იმიტომ, რომ ვიღაცამ ჩამტენა მანქანაში, ამათ მომიყვანეს და ერთ-ერთ დამკავებელს ვკითხე, რა თეორია გაქვს, რატომ დამაკავეთ? ამაზე გაბრაზდა და წინ რომ მქონდა შეკრული ხელები, გამიხსნეს და ზურგს უკან შემიკრეს. ამით დამსაჯეს. ასეთ საცოდავ ნიუანსებს შეამჩნევდით, რომ გენახათ", - თქვა ზურა ვარდიაშვილმა მედიასთან გათავისუფლების შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, პოლიციელებს ვიღაც ურეკავდა და ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვდა.

„ვიღაცები ისტერიკულად ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, ჟურნალისტი გაუშვითო. ვკითხე, რატომ მიშვებთ? მიპასუხეს, „იმიტომ რომ ჟურნალისტი ხარო". ვუთხარი: ვინც არ არის ჟურნალისტი? 30-35 კაცი დაკავებული რჩება", - თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზურა ვარდიაშვილმა.

ბექა ჯიქურაშვილმა გათავისუფლების შემდეგ გაიხსენა, რა გარემოებაში დააკავეს. „პარლამენტის უკანა მხარეს ვიდექი. მოვიდა პოლიცია ხალხის დასაკავებლად. გავიწიე უბრალოდ, რატომ იჭერთ? რას აკავებთ-მეთქი? ერთ-ერთმა პოლიციელმა მიუთითა ჩემზე, რომ ესეც დააკავეთო, - გვითხრა რეპორტიორმა და დაამატა, - როდესაც პოლიციის განყოფილებაში მოვედი, როგორც მედიის წარმომადგენელი, ხელწერილის საფუძველზე გამომიშვეს. ჩემს შემდეგ ჩემი მეგობარი დაიჭირეს და იმავე მანქანაში ჩატენეს".

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით ასევე დააკავეს აქციის მონაწილეები. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

XS
SM
MD
LG