Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნედ პრაისი: "უცხოეთის აგენტების" შესახებ ქართული კანონპროექტები განსხვავდება აშშ-ის კანონდებლობისგან


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი

ხუთშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კვლავ შეეხო საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.

„ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი თანამიმდევრული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ კანონის მიღების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენ ვრჩებით ღრმად შეწუხებული, ვინაიდან ეს კანონი სტიგმატიზებას გაუკეთებს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ, ვინც ერთგულად ცდილობს უკეთესი ქვეყნის შენებას მათი თანამოქალაქეებისა და მათი თემებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის შესაძლო შედეგებზე სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ჩვენი სათქმელი მარტივია და ამას ვიმეორებთ საჯაროდ და ასევე გადავეცით პირადადაც. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე“, - თქვა პრაისმა.

მისი თქმით, ეს კანონი არ „თანხვდება ქართველის ხალხის მისწრაფებებს, რასაც ისინი გამოხატავენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, იმ მომავალთან, რაც მათ საკუთარი თავისთვის განსაზღვრეს და იმ მომავალთან, რომლის მიღწევაშიც აშშ, როგორც პარტნიორი ქვეყანა, აპირებს ერთგული დახმარების გაწევას საქართველოსთვის.

„ამავე დროს ვრცელდება პროპაგანდა, რომ თითქოს ეს კანონი ეყრდნობა ჩვენს კანონმდებლობას უცხოეთის წარმომადგენელთა რეგისტრაციის შესახებ აქტს, FARA-ს. ჩვენი კანონი მოითხოვს იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენენ უცხოეთის ქვეყნებს, არიან უცხოეთის ქვეყნების აგენტები, გაიარონ რეგისტრაცია უცხოეთის წარმომადგენლებად. ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს. ეს აქტი, FARA, ძალიან ვიწროა და მორგებულია და ეხება მხოლოდ უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლებს და ეს განსხვავებულია და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამით“, - დასძინა ნედ პრაისმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის ფონზე მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

XS
SM
MD
LG